ამირან გამყრელიძე - პირდაპირ გეტყვით, პანდემიის დაბრუნების საფრთხე არის, მაგრამ მთავარია, ბალანსი იყოს დაჭერილი, რადგან ადამიანებს ცხოვრება უნდათ
ამირან გამყრელიძე - პირდაპირ გეტყვით, პანდემიის დაბრუნების საფრთხე არის, მაგრამ მთავარია, ბალანსი იყოს დაჭერილი, რადგან ადამიანებს ცხოვრება უნდათ

პირდაპირ გეტყვით, პანდემიის დაბრუნების საფრთხე არის, მაგრამ მთავარია, ბალანსი იყოს დაჭერილი, რადგან ადამიანებს ცხოვრება უნდათ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.

„პირდაპირ გეტყვით, პანდემიის დაბრუნების საფრთხე, რა თქმა უნდა, არის. ამის მაგალითია ის, რაც ახლა სამხრეთ ამერიკაში ხდება. იცით, ბრაზილიაში რაც ხდება; სერიოზული მატებაა ჩილეში, პერუში. გახსნასთან ერთად ყველა ქვეყანაში იყო მცირე ნახტომები. იგივე, გერმანიას ჰქონდა მცირე ნახტომი. ვინც შემსუბუქების პოლიტიკა დაიწყო, მცირე ნახტომი ყველგან იყო, მაგრამ უამისოდ არ შეიძლება. საზოგადოებას ამდენი ხნის განმავლობაში ჩაკეტილად ხომ ვერ ამყოფებ?! ამიტომ, დღეს მთავარია, ბალანსი იქნას დაჭერილი. ერთი მხრივ, ეკონომიკას უნდა მისცე განვითარების საშუალება, რადგან ქვეყანა ისე ვერ განვითარდება. ადამიანებს შემოსავალი და ცხოვრება უნდათ, სმა გვინდა, ჭამა და ასე შემდეგ. მეორე მხრივ, დიდი პასუხისმგებლობაა ჯანდაცვა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამ განცხადებით ამირან გამყრელიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად დიდია იმის საფრთხე, რომ შემოდგომაზე კორონავირუსი შემობრუნდეს და ასეთ შემთხვევაში რა მასშტაბით შეიძლება, დაბრუნდეს პანდემია.

მისი თქმით, მეორე ტალღა იქნება თუ არა, მსოფლიო ჯანდაცვის სისტემა ამისთვის აუცილებლად უნდა მოემზადოს.

„ეს ოთხი თვე ქვეყნებმა და მათ შორის, ჩვენც, სერიოზულად უნდა გამოვიყენოთ, თუკი მეორე ტალღა იქნა, ამას უფრო მომზადებული შევხვდეთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხუთწლიან გეგმაში სამი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი არსებობს – ჯანმრთელობის სერვისებზე მოსახლეობის უნივერსალური ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებისადმი გადაუდებელი მზადყოფნა და მესამეა კლიმატის ცვლილება და მისი ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე. 21-ე საუკუნეში საზოგადოება ყოველთვის მზად უნდა იყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებისადმი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, თუ მეორე ტალღა იქნა, ის შედარებით რბილი უნდა იყოს, ვიდრე ზამთარ-გაზაფხულის ტალღა იყო.

„ერთ-ერთი შეხედულებაა, რომ „კოვიდ-19“ მუდმივად ცირკულირებად რესპირაციულ ვირუსად იქცევა. უფრო რთულად, ვიდრე გრიპი და ამიტომ არის ამდენი ინვესტირება ვაქცინის შექმნაში. საკითხი რადიკალურად უნდა გადაწყვიტოს სწორედ პრევენციულმა ვაქცინაციამ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.