ამირან გამყრელიძე - პირდაპირ გეტყვით, კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში ვითარება კონტროლირებადია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 15:00 საათის მდგომარეობით საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით ისაუბრა.
გამყრელიძის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი არ შეცვლილა და ის კვლავ 15-ს შეადგენს.
„სულ გვქონდა 466 შესაძლო შემთხვევა, რომელიც საჭიროებდა შესაბამის ლაბორატორიულ კვლევას. ყველა გატესტილია, ზოგი – ორჯერ. აქედან, დღევანდელი მონაცემებით, დადასტურებული გვაქვს 15 შემთხვევა. ორი უკავშირდება ირანში, ერთი ესპანეთში მოგზაურობას, შვიდი იტალიაში მოგზაურობას, საიდანაც ექვსი შემთხვევა წარმოადგენს ორი ერთად ნამოგზაურები ოჯახის კლასტერს, ხუთ შემთხვევაში კი დადასტურებულია შემთხვევასთან კონტაქტი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძე ამბობს, რომ ამჟამად ლუგარის ცენტრში კვლევისთვის 23 პირის ნიმუშია გაგზავნილი.
„აქედან 17 ინფექციური პათოლოგიის ცენტრიდან, ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან. დანარჩენი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან. კარანტინში ამჟამად 178 ადამიანი იმყოფება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა მედიას კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდსიტუაციის სწორი გაშუქებისთვის.
„ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ სწორი და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაცია მივიტანოთ მოსახლეობამდე“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ასევე, გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა კოლეგებს, ექიმებს, სამედიცინო პერსონალს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებს, რომლებიც დაუღალავად, 24 საათის განმავლობაში შრომობენ, რათა ქვეყანაში ვითარება კონტროლირებადი იყოს.
„პირდაპირ გეტყვით, რომ სიტუაცია ქვეყანაში კონტროლირებადია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.