ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი დაახლოებით 80 პროცენტამდეა გაზრდილი, ეს სერიოზულად სანუგეშოა
პირბადის ტარების მაჩვენებელი ქვეყანაში გაზრდილია, დაახლოებით 80 პროცენტამდე, ეს სერიოზულად სანუგეშოა, რადგან პირბადე გახლავთ ყველაზე მძლავრი იარაღი კორონავირუსთან ბრძოლაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, აღდგომის დღესასწაულებზე დამატებითი შეზღუდვების გამოცხადების მთავარი მიზანი იყო ის, რომ დაეცეს მობილობა.
„მთავარი მოწოდება ამ დროს გახლავთ ის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა გავითავისოთ სამწუხაროდ, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში არ არის დამაკმაყოფილებელი. სანუგეშო, რომ ისე დრამატულად არ გაუარესდა ვითარება, როგორც ჩვენ ეს გვქონდა ეს გვიან შემოდგომაზე და ნოემბერ-დეკემბერში, მაგრამ მაინც ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს 1 000-1 500 შორის ახალი შემთხვევა, რომელიც სერიოზული ზეწოლაა ჯანდაცვის სისტემაზე. დღევანდელი რიცხვით 15 000-ზე მეტი აქტიური პაციენტია ქვეყანაში და მათი დაახლოებით 30% არის ჰოსპიტლებში. ეს ე.წ არდადეგების პერიოდი გამოყენებული უნდა იქნას, რომ ზედმიწევნით დავიცვათ ყველა რეკომენდაცია. კარგია, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი ქვეყანაში გაზრდილია, დაახლოებით 80 პროცენტამდე , ეს სერიოზულად სანუგეშოა, რადგან პირბადე გახლავთ ყველაზე მძლავრი იარაღი კორონავირუსთან ბრძოლაში. მთავარია, რომ ამ არდადეგების პერიოდში თავი ავარიდოთ დიდ თავშეყრებს, დიდ წვეულებებს, რომელიც ასევე გახლავთ ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი ინფექციის გავრცელების. პირველ რიგში, საქართველოს მოსახლოებას უნდა მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელიც დღეს ღამე დადგება და ვუსურვოთ ჩვენს მოსახლოებას მშვიდობა, ჯანმრთელობა. ყველა ერთად ვეცადოთ, რომ მაისის პირველი ნახევარი და ზოგადად მთელი მაისი შედარებით მოკრძალებულად გავიაროთ, რომ არ მივცეთ საშუალება ვირუსს მეტად დააზარალოს ჩვენი მოსახლეობა“, – განაცხადა გამყრელიძემ.