ამირან გამყრელიძე - ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია და ზაფხულში ყველაფერი ნორმალურად იქნება, არ იქნება ასე
დავივიწყოთ და ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია და ზაფხულში ყველაფერი ნორმალურად იქნება, არ იქნება ასე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დაწესებულებები, რომლებიც იხსნება დღეს, კიდევ უფრო მეტად გაზრდის მობილობას.
„ღია ბარები, რესტორნები, კაფეები ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურის მიერ არიან შემოწმებული და ყველას აქვს მიცემული რეკომენდაციები, როგორ უნდა იმუშაონ, რამდენი მაგიდა უნდა იდგეს, რა დაშორებით, პირბადეებით ადამიანები როგორ იყვნენ, სანიტაიზერები არის იქ თუ არა, ხელის დამუშავების საშუალებები და ასე შემდეგ. უმრავლესობა ვერ გაიხსნება, თუ ვერ აკმაყოფილებს ამ პირობებს. ხაზს ვუსვამ, ყველაზე მეტი მაინც არის დამოკიდებული ჩვენზე, საზოგადოებაზე, ჩვენს თვითშეგნებაზე და ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათავისებაზე, დავიცვათ ყველაფერი და არ შევუწყოთ ხელი ინფექციის გავრცელებას. მარტო შიში იმისა, რომ ვიღაც მოვა და დამაჯარიმებს, არა ბატონო. აღსრულების მექანიზმი არის და უნდა იყოს, მაგრამ ყველაზე მეტი მაინც არის სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა. დავივიწყოთ და ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ ჩვენ უკვე დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია და ზაფხულში ყველაფერი ნორმალურად იქნება, არ იქნება ასე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.