ამირან გამყრელიძე - ნუ მივეცემით პანიკას, არაფერი განსაკუთრებული საქართველოში არ ხდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, კორონავირუსთან დაკავშირებით, პანიკას არ აყვნენ.
გამყრელიძის თქმით, ამ კუთხით საქართველოში განსაკუთრებული არაფერი ხდება.
ამასთან, გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის შემთხვევა თუ დაფიქსირდება, ქვეყანა მზადაა, გამოწვევას უპასუხოს.
„კიდევ ერთხელ მინდა, გთხოვოთ, ნუ მივეცემით პანიკას, აჟიოტაჟს, არაფერი განსაკუთრებული საქართველოში არ ხდება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, გრძელდება გრიპის სეზონი. ამიტომ გრიპის სიმპტომები მსგავსია იმ სიმპტომებისა, რასაც იწვევს ეს დაავადება, რომელიც ხაზს ვუსვამ, საქართველოში არ გახლავთ, თუმცა ქვეყანა მზადყოფნის რეჟიმშია. თუ გაჩნდა ამ ტიპის დაავადება, მასზე იქნება დაუყოვნებელი პასუხი და რეაქცია. საავადმყოფოები ამისთვის მზადყოფნაში არიან, ყველანაირი მედიკამენტური საშუალება არსებობს, ეპიდემიოლოგიური და პრევენციული სამსახურებიც მზად არიან“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.