ამირან გამყრელიძე - ნუ დავმშვიდდებით, ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ მოვერიეთ, მარტო ქართველები ვერ მოვერევით კორონავირუსულ ინფექციას
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, კორონავირუსის შემთხვევების ზრდა მოსალოდნელი იყო.
როგორც გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, დილისთვის დადასტურებულ შემთხვევებს დღის განმავლობაში ექვსი დაემატა და კიდევ მოსალოდნელია მატება, თუმცა „ეს პანიკის საფუძველი არ არის“.
„ველოდით, რომ შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, გარკვეულად ინფიცირების შემთხვევების ზრდა გვექნებოდა, მაგრამ მეორე მხრივ, მუდამ შეზღუდვებში ხომ ვერ იქნება საზოგადოება, ეკონომიკას სჭირდება გახსნა.
ამიტომ არის, რომ დღეს დილისთვის ცხრა დამატებითი შემთხვევა გვქონდა, უკვე დღის განმავლობაში ექვსი დაემატა და ალბათ კიდევ დაემატება შემთხვევები. ეს მოსალოდნელია და არ გახლავთ პანიკის საფუძველი.
ჯანდაცვის სისტემა ამის მართვას კარგად განახორციელებს. როცა ვერ ადგენ წყაროს, მოგეხსენებათ, არის ერთ-ერთი საშიში სიმპტომი, რომ შიდა გავრცელება გაქვს ისეთი, სადაც ვერ გადიხარ პირველწყაროზე. დღეის რიცხვით ხუთი შემთხვევაა, სადაც წყაროზე ვერ გავდივართ. ძალიან ბევრი კონტაქტი გამოვიკვლიეთ ამ ხუთის და ჯერ ამ ახლო კონტაქტებში გავრცელება არ დავაფიქსირეთ, მაგრამ ეს შეიძლება გამოჩნდეს ხვალ, ზეგ, მაზეგ. როცა პირველწყაროზე ვერ გადიხარ, ეს პირდაპირი ინდიკატორია იმისა, რომ შიდა გავრცელება მეტი გაქვს. ეს ჯერ გინთებს „ყვითელს“, მერე შეიძლება „წითელი“ აგინთოს. ნუ დავმშვიდდებით, ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ მოვერიეთ უკვე. ჩვენ, მარტო ქართველები, ვერ მოვერევით ამ კორონავირუსულ ინფექციას. გლობალურად უნდა გადაწყდეს ეს საკითხი“, – განაცხადა გამყრელიძემ.