ამირან გამყრელიძე - ნებისმიერი დიდი თავშეყრა, იქნება სარიტუალო სუფრა, თუ მიტინგი, პანდემიის დროს ინფექციის გავრცელების მომატებული რისკია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ ერთ-ერთი პრევენციული ღონისძიება დიდი თავშეყრებისთვის თავის არიდებაა.
მისივე თქმით, კორონავირუსზე ტესტის ყოველდღიურად ჩატარებაც კი არ არის საუკეთესო პრევენციული ღონისძიება, ვინაიდან მაღალი მგრძნობელობის მქონე „პისიარ“ ტესტებსაც არ აქვთ 100-პროცენტიანი მაჩვენებელი.
„ხუთი პრევენციული ღონისძიებიდან, რომელსაც ყოველთვის ვასახელებ, და ეს არ არის ჩემი გამოგონილი, ერთ-ერთი არის სწორედ დიდი თავშეყრებისთვის თავის არიდება. ნებისმიერი დიდი თავშეყრა, იქნება ქორწილი, სხვა სარიტუალო სუფრა, მიტინგი, თუ სხვა, ყველა პანდემიის პერიოდში ინფექციის გავრცელების მომატებული რისკია.
აქედან გამომდინარე, ვირუსისგან აბსოლუტური დაცვა არ არსებობს. კი. ბატონო, პოლიტიკური პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, გამოხატვის თავისუფლებას არავინ და ვერავინ ვერავის აუკრძალავს, მაგრამ ვიყოთ უფრო მოკრძალებულად, ვიყოთ დაცული, რომ ერთმანეთს არ გადავდოთ და არ გავავრცელოთ ინფექცია.
რაც შეეხება იმას, რომ ყოველდღე ვიტესტებით და ა.შ. ძალიან კარგია, თუ ისინი ყოველდღე იტესტებიან, მაგრამ მედიცინაში ასპროცენტიანი არაფერია. ჯერ ერთი, არც ერთი ტესტი არ არის ასპროცენტიანი, იგივე „პისიარი“, რომელიც არის ყველაზე უფრო მგრძნობიარე, არც ის არ არის 100-პროცენტიანი, ამიტომ ყველაზე კარგი საპროფილაქტიკო და პრევენციული ღონისძიება დღეს არის ის ხუთი პრევენციული ღონისძიება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.