ამირან გამყრელიძე - მთელ რიგ დღეებში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარბებს ახალ ინფიცირებულთა რიცხვს, რაც შემსუბუქების ღონისძიებების მნიშვნელოვანი ინდიკატორია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მთელ რიგ შემთხვევებში უკვე ინფიცირებულთა ახალ შემთხვევებს აჭარბებს.
ეს კი, გამყრელიძის თქმით, შემსუბუქების ღონისძიებების განხორციელების განმსაზღვრელია.
„უკვე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მთელ რიგ შემთხვევებში, მთელ რიგ დღეებში აჭარბებს ახალ ინფიცირებულთა, იმ დღის ინფიცირებულთა რაოდენობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია სწორედ შემსუბუქების ღონისძიებების განხორციელებისა და მოგეხსენებათ, საქართველომ შემსუბუქების ღონისძიებები უკვე დაიწყო“,- განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ ტესტირების გაფართოების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„ყოველდღიურად ჩვენ ავედით საშუალო მაჩვენებელზე სადღაც 1100-1200. ორჯერ გვქონდა 1350-ზე მეტი. 15 მაისისთვის გვინდა, რომ ავიდეთ 1500-ზე, შემდგე უკვე მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში 2000-ზე დღეში, რაც იქნება დაახლოებით ის მაჩვენებლი, რასაც დღეს წამყვანი ევროპული ქვეყნები ახორციელებენ. ხაზს ვუსვამ, ეს არის არა საერთო ტესტირება, საერთო ტესტირება ბევრად მეტია, თუ დავამატებთ სწრაფ ტესტებს, ეს არის მხოლოდ „პისიარ“ ტექნოლოგიებით ტესტირება, რომელიც დღეს უკვე ქვეყანაში 12 ლაბორატორიაში ტარდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.