ამირან გამყრელიძე - საკოორდინაციო საბჭოს მსგავსად, მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებებიც კონსენსუსის წესითაა მიღებული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო ყველა გადაწყვეტილებას კონსენსუსის საფუძველზე იღებს. მისივე თქმით, სწორედ კონსენსუსს ეფუძნება მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებებიც.
„მოგეხსენებათ, საკოორდინაციო საბჭოზე ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსის წესით. რა თქმა უნდა, შეიძლება, მე ზოგჯერ რადიკალური ვიყო, მაგრამ ჯერდება სხვადასხვა მოსაზრება, გასათვალისწინებელია ბევრი პირობა და ამის შემდეგ, კონსენსუსის წესით მიიღება გადაწყვეტილება. ასეა სწორად მუშაობის პრინციპი. დღეს რა გადაწყვეტილებებიც იქნა მიღებული, რა თქმა უნდა, მიღებულია კონსენსუსის წესით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, თბილისსა და იმერეთის რეგიონში ხვალიდან რესტორნები, ყველა გასართობი დაწესებულება 22:00 საათამდე იმუშავებს.
ასევე, აჭარაში 19 ოქტომბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის, მუშაობა აღდგება. თუმცა, აჭარაში სკოლებთან, ისევე როგორც რესტორნებსა და გასართობ დაწესებულებებთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები ძალაში რჩება. ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში გეგმის მიხედვით, 19 ოქტომბრიდან განახლდება.
გარდა ამისა, ნოემბრიდან, ევროპის მიმართულებით, თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან პირდაპირი ავიარეისების აღდგენა იგეგმება.