ამირან გამყრელიძე - ყველას ვთხოვ, იყოს ნაკლები შეკრება ოჯახებში, ნაკლები გასვლა სასაფლაოებზე, ნაკლები ყოფნა ეკლესიაში
ამირან გამყრელიძე - ყველას ვთხოვ, იყოს ნაკლები შეკრება ოჯახებში, ნაკლები გასვლა სასაფლაოებზე, ნაკლები ყოფნა ეკლესიაში

მთავარი გახლავთ ის, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში ვიყოთ განსაკუთრებით ფრთხილად და დავიცვათ საგანგებო მდგომარეობის შესახებ განსაზღვრული მითითებები და რეკომენდაციები და მაქსიმალურად ვიყოთ ამ ორი კვირის განმავლობაში, ვნების კვირასა და დიდი შვიდეულის კვირაში, საზოგადოებრივად ნაკლებად აქტიური, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად იცავს მოსახლეობა რეკომენდაციებს.

„მადლობას მოგახსენებთ იმ განსაკუთრებული ყურადღებისთვის, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიმართ, ჯანდაცვის სფეროსა და ზოგადად ექიმების მიმართ იჩენთ, რადგან ჩვენ ყველა დღეს წინა ხაზზე ვართ და ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მიჰყვება ჩვენს რეკომენდაციებს მოსახლეობა. ხაზს ვუსვამ და ვიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ მთავარი იარაღი გახლავთ სოციალური დისტანცირება, რომ მთავარი სლოგანი ეს გახლავთ – „დარჩი სახლში“ და მთავარი გახლავთ ის, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში ვიყოთ განსაკუთრებით ფრთხილად და დაიცვათ ყველა ის კანონი, საგანგებო მდგომარეობის შესახებ განსაზღვრული მითითებები და რეკომენდაციები და მაქსიმალურად ვიყოთ ამ ორი კვირის განმავლობაში, ვნების კვირასა და დიდი შვიდეულის კვირაში, საზოგადოებრივად ნაკლებად აქტიური. ყველას ვთხოვ, რომ იყოს ნაკლები შეკრება ოჯახებში, ნაკლები გასვლა სასაფლაოებზე, ნაკლები ყოფნა ეკლესიაში და მოხდეს იმ რეკომენდაციების დაცვა, რაც მუდმივად ჟღერდება და დღეს, ხვალ, ზეგ, მაზეგ და ა.შ. კიდევ უფრო ხშირად გაჟღერდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.