ამირან გამყრელიძე - მოქალაქეებს, რომლებიც სასტუმრო „ოაზისში“ 30-31 აგვისტოს იყვნენ, „პისიარ“ ტესტის ჩატარება სახელმწიფოს ხარჯზე შეუძლიათ
მოქალაქეებს, რომლებიც ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ 30-31 აგვისტოს იყვნენ, „პისიარ“ ტესტის ჩატარება სახელმწიფოს ხარჯზე შეუძლიათ, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, დანარჩენ ადამიანებს, ვისაც მოგზაურობის ისტორია აქვს აჭარაში, ეძლევათ რეკომენდაცია, რომ საკუთარი ჯანმრთელობის თვითმონიტორინგი აწარმოონ დაახლოებით შვიდიდან 14-დღემდე.
„თუ ამ ხნის განმავლობაში მათ ნებისმიერი მიზეზით უვლინდებათ ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, ხველება, დიარეა, ასეთ შემთხვევაში შეუძლიათ, მივიდნენ ლაბორატორიებში, სადაც „პისიარ“ ტესტირება წარმოებს, ნიმუში აიღონ და ჩაიტარონ გამოკვლევა. ამ ყველაფერს სახელმწიფო აფინანსებს“,- განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, მოქალაქე, რომელსაც აქვს აჭარაში მოგზაურობის ისტორია, თუმცა არ ყოფილა კაფე „დონაში“ და სასტუმრო „ოაზისში“, ასევე არ აქვს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, „პისიარ“ კვლევის ღირებულების ანაზღაურება თავად მოუწევს
„მოქალაქე, რომელიც არ ყოფილა ბათუმში მდებარე კაფე „დონაში“, სასტუმრო „ოაზისში“, უბრალოდ იყო გონიოში, ბათუმსა ან ქობულეთში და თავისი ინტერესი აქვს კორონავირუსზე კვლევა ჩაიტაროს, თუმცა არ აქვს სიმპტომები, მას ამ კვლევის ჩატარება შეუძლია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, გამოკვლევის ღირებულების ანაზღაურება თავად მოუწევს“,- განაცხადა გამყრელიძემ.