ამირან გამყრელიძე - მკაცრი „ლოკდაუნები“ და ჩაკეტვები მთელი ქვეყნის მასშტაბით არ განხორციელდება, მაგრამ ლოკალური, წერტილოვანი დარტყმები შესაძლებელია, იყოს
ამირან გამყრელიძე - მკაცრი „ლოკდაუნები“ და ჩაკეტვები მთელი ქვეყნის მასშტაბით არ განხორციელდება, მაგრამ ლოკალური, წერტილოვანი დარტყმები შესაძლებელია, იყოს

მეორე ტალღას ვუწოდებთ, თუ პირველი ტალღის შემდგომ განვითარებას, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ეს დინამიური ზრდა საკმაოდ საყურადღებოა, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 57 შემთხვევა უკვე სერიოზული ზრდაა.

„ამას მეორე ტალღას ვუწოდებთ, თუ პირველი ტალღის შემდგომ განვითარებას, სახელის დარქმევას ამ ეტაპზე დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მოდის შემოდგომა, როდესაც სხვა რესპირაციული ვირუსების ზედდება შეიძლება, იყოს. გრიპის ვირუსი ტრადიციულად ქვეყანაში ოქტომბრის ბოლოს ჩნდება ხოლმე, უფრო ხშირად – ნოემბრის შუა რიცხვებიდან და კიდევ ორი თვეა მანამდე, მაგრამ მაინც, ეს დინამიური ზრდა საკმაოდ საყურადღებოა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ფაქტია, რომ ქვეყანაში ინფექციის შიდა ცირკულაციაა და ამის შეკავება ყველანაირად უნდა მოხდეს.

„რამდენიმეჯერ მოგახსენეთ, რომ შეკავების ის პრინციპები, რაც გაზაფხულზე განხორციელდა, ე.წ. მკაცრი ლოკდაუნები და ჩაკეტვები, რა თქმა უნდა, ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ვერ და არ განხორციელდება, მაგრამ ლოკალური, ასეთი ე.წ. წერტილოვანი დარტყმები შესაძლებელია, იყოს იმის მიხედვით, თუ ასეთი კლასტერები გვექნა. აქამდე რომ არ მივიდეთ, აუცილებელია, ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომლებსაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა. განსაკუთრებით, ერთი კვირის შემდეგ, როდესაც სერიოზული მობილობის ზრდა გვექნება ქვეყანაში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით“, – დასძინა ამირან გამყრელიძემ.