ამირან გამყრელიძე - მიზანი არის, რომ წელს ვაქცინაცია ზრდასრული მოსახლეობის 65 პროცენტს ჩაუტარდეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმა 65-გვერდიანია და მასში რვა მიმართულებაა გაწერილი.
გამყრელიძემ გეგმაში შემავალ მიმართულებებზე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი დამტკიცება მთავრობის სხდომაზე უნდა მოხდეს.
„გუშინ იყო მთავრობის ადმინისტრაციაში განხილვა, პრემიერი შეხვდა ექსპერტებსა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს ვინც მუშაობდა ამ გეგმაზე. ამ გეგმასთან დაკავშირებით. ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო ჩართული მის შემუშავებაში. როგორც ვიცი, უკვე მოხდა დოკუმენტების წარდგენა და მთავრობის სხდომა როცა იქნება, დიდი ალბათობით დამტკიცდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, თუ როგორ მოხდება ასაცრელი კონტინგენტის შერჩევა.
„პირველ ეტაპზე აიცრებიან სამედიცინო პერსონალი, მოხუცთა სახლებში მყოფი მოხუცები და მათი მომვლელი პერსონალი, შემდეგ- 75 წელს ზემოთ მოსახლეობა, შემდეგ – 65 წელს ზემოთ მოსახლეობა, შემდეგ – 55 წელს ზემოთ მოსახლეობა და თანმდევი დაავადების მქონე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სასუნთქი სისტემის, დიაბეტის მქონე ადამიანები, შემდეგ უკვე – 18 წელს ზემოთ მოსახლეობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, მიზანი არის, რომ მიმდინარე წელს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზრდასრული მოსახლეობის 65 პროცენტს ჩაუტარდეს.
„ჩვენი მიზანია, რომ წელს, წლის განმავლობაში ავცრათ მოზრდილი მოსახლეობის 65%, 2.8 მილიონი მოზრდილი მოსახლეობაა ქვეყანაში და იმის 60-65% არის 1.6 მილიონი ადამიანი. ამისთვის გვჭირდება ვაქცინის დაახლოებიით 900 ათასი დოზა, რადგან ორჯერ კეთდება აცრა და გარკვეული დანაკარგია ხოლმე ვაქცინაციის დროს.
შემდეგ არის იქ მიმართულებებში სხვადასხვა სცენარები განხილული. რომელი ცივი ჯაჭვის რეჟიმის ვაქცინა იქნება, იქნება -70-იანი -20-იანი თუ +2 +8 გრადუსიანი ვაქცინა. ყველა ამ რეჟიმზე არის თავისი გათვლები გაკეთებული, შესაბამისად ფასებიც, მომსახურებაც, რამდენი ბრიგადაა საჭირო დაწყებისას, შემდეგ მასობრივი ვაქცინავია დაიწყება და ამის დეტალები. გაწერილია ასევე, რა ეღირება ქვეყნისთვის ეს პროცესი ვაქცინის ფასიდან და მომსახურებიდან გამომდინარე. გათვლილია თითო ბრიგადას დღეში რამდენის აცრა შეუძლია, ვინ არიან ამ ბრიგადაში.
შემდეგ კომუნიკაციის პროგრამაა – როგორ უნდა ვესაუბროთ მოსახლეობას და ვაქცინის გვერდითი მოვლენები როგორ უნდა იქნეს აღნუსხული. ეს გეგმა საკმაოდ დიდია, 65 გვერდია და აქვს თავისი დანართები. დამტკიცდება და გახდება საჯარო“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.