ამირან გამყრელიძე - მივეჩვიოთ პირბადესთან ერთად ცხოვრებას, ამაზე დამცველი საშუალება ჯერ არ არსებობს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსული ინფექცია საქართველოში სულ მცირე კიდევ ერთი წელი დარჩება.
გამყრელიძე ამბობს, რომ ყველა უნდა მიეჩვიოს ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას.
„პანდემიის დაწყებიდან 8-9 თვე გავიდა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მედიცინა უძლურია. ანუ, ჯერჯერობით რამე რადიკალური საშუალება, მხედველობაში მაქვს ვაქცინა, პირდაპირი მოქმედების წამალი, რომელიც უშუალოდ ამ ვირუსზე მოქმედებს, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ შეიქმნა. ძალიან ბევრი კვლევის სხვადასხვა ფაზაშია, მაგრამ არც ერთი არ არის ჯერჯერობით ფართო ხმარებისთვის დამტკიცებული.
ისევ და ისევ გამოიყენება ძველი გენერაციის წამლები. იცით, რომ აშშ-ის პრეზიდენტი და მისი მეუღლე არიან ინფიცირებული, პრეზიდენტი გადის მკურნალობას ვოლტერიდის სამხედრო ჰოსპიტალში. გამოქვეყნდა რა პრეპერატებსაც იყენებენ – რემდესივირი, დექსამეტაზონი და რამდენიმე მონოკლონური ანტისხეული, რომელიც გამოიყენება ამ დაავადების მკურნალობაში. სხვა რამე სიახლე არ არის. ამიტომ რა გვრჩება? გვრჩება ძირითადად ის, რაზეც არის საუბარი და წარმოგედგინებათ ადაპტაციის, თანაცხოვრების გეგმა, რითაც უნდა ვიცხოვროთ კიდევ კარგა ხანს კორონავირუსულ ინფექციასთან წრთად. ჩემი გადასახედიდან ეს იქნება სულ მცირე ერთი წელიწადი მაინც“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ ყურადღება გაამახვილა რეგულაციების დაცვაზე და აღნიშნა, რომ დღეს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მძლავრი იარაღი პირბადეა.
„წამალთან, ვაქცინასთან ყველაფერთან შედარებით, რომელიც ჯერ არ არსებობს, ყველაზე კარგი დამცავი საშუალება არის პირბადე. მივეჩვიოთ ცხოვრებას პირბადესთან ერთად, ამაზე კარგი დამცველი საშუალება არ არის. არ შევიკრიბოთ ბევრი ხალხი ერთად, დავიცავთ დისტანცია და ჰიგიენურ-სანიტარული პირობები“, – განაცხადა გამყრელიძემ.