ამირან გამყრელიძე - მინდა, მოსახლეობას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თმენისთვის და დამყოლობისთვის, რაც იყო ამ რთულ პერიოდში
მინდა, მოსახლეობას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თმენისთვის და დამყოლობისთვის, რაც იყო ამ რთულ პერიოდში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო რეგიონში გამოირჩევა და დაბალი გავრცელების ქვეყნად ითვლება.
„ვიდრე თქვენთან მოვდიოდი, ოთხი შემთხვევა დაგვემატა. ერთი გახლავთ ცნობილი კლასტერიდან, ბოლო კლასტერის კონტაქტია, რასაც ხალხში საბურთალოს კლასტერს ეძახიან. სამი ტრაილერის მძღოლია, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
30 იანვრიდან დავიწყეთ კვლევა, სადაც ეჭვი იყო მიტანილი. ჩვენ ამას შესაძლო შემთხვევას ვეძახით. 30 იანვრიდან მოყოლებული, ქვეყანაში არის ასეთი 38 976 შემთხვევა, რომელიც კლინიკურ და ლაბორატორიულ კვლევას ექვემდებარებოდა და ლაბორატორიულად 800 კოვიდდადებითი შემთხვევა დადასტურდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შეზღუდვების მოხსნის და ბიზნესაქტივობების განახლების შემდეგ სიტუაცია არ შეიცვალოს, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ამისთვის სპეციალისტთა რეკომენდაციები უნდა შევასრულოთ.
„ძალიან ბევრი რამ მოსახლეობის თვითშეგნებაზეა დამოკიდებული. იმაზე, თუ რამდენად დისციპლინირებული ვიქნებით. მინდა, მოსახლეობას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო სამი თვის განმავლობაში იმ თმენისთვის და დამყოლობისთვის, რაც ქვეყანაში იყო ამ რთულ პერიოდში. ასე ადვილი არ არის საგანგებო ვითარებაში ცხოვრება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში და მსოფლიოში სიტუაცია ისევ დაძაბული რჩება.
„ახალი შემთხვევების მატება მთელ მსოფლიოში აღინიშნება, 213 ქვეყანაში და შემთხვევათა რაოდენობა უკვე ექვს მილიონზე მეტია. გარდაცვალების მაჩვენებელში გლობალურად ოდნავ დაღმასვლის ტენდენციაა და თუ სიკვდილიანობა სადღაც 7%-ზე იყო, ახლა უკვე 6%-ზეა ჩამოსული. ანუ, უფრო მეტი ადამიანი ჯანმრთელდება, რაც პოზიტიური ტენდენციაა.
ასევე, დაძაბულია სიტუაცია ჩვენს რეგიონში, ჩვენს ირგვლივ ყველა მოსაზღვრე ქვეყანაში, ვისთანაც პირდაპირი საზღვარი გვაქვს. ასევე, იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ტრადიციული ურთიერთობები გვაქვს, შემთხვევები ბევრად მეტია, ვიდრე საქართველოში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.