ამირან გამყრელიძე - მიმდინარეობს მუშაობა, რომ სექტემბერ-ოქტომბერში ტესტირების მაჩვენებელი დღეში 6-7 ათასზე ავიყვანოთ
მიმდინარეობს დამატებით ინვესტირების პროგრამაზე მუშაობა, რომ სექტემბერ-ოქტომბერში ტესტირების მაჩვენებელი დღეში 6-7 ათასზე ავიყვანოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ტესტირების დღიური მაჩვენებელი დაახლოებით 1500-ზე გვაქვს, მაგრამ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ამ 18 ლაბორატორიაში და შემდეგ დამატებულ კიდევ ექვს ლაბორატორიაში ტესტირების მაჩვენებელი ავიყვანოთ 4500-ზე. მიმდინარეობს დამატებით ინვესტირების პროგრამაზე მუშაობა, რომ სექტემბერ-ოქტომბერში ტესტირების მაჩვენებელი დღეში 6-7 ათასზე ავიყვანოთ. ტესტირებების ქვეშ მოექცევიან მთელი რიგი ჯგუფები, გარდა შესაძლო შემთხვევებისა. დღეს იტესტებიან ჩემი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი, ორ კვირაში ერთხელ და ორშაბათიდან გადავდივართ მათ კვირაში ერთხელ ტესტირებაზე, განსაკუთრებით კოვიდის, ცხელების ცენტრებისა და სასწრაფო დახმარების ექიმების შემთხვევაში. დანარჩენი კლინიკების პერსონალი, ანესთეზიოლოგები, რეანიმატოლოგები, გადაუდებელი დახმარების პერსონალი, ისინი გაიტესტებიან ასევე კვირაში ერთხელ, ხოლო დანარჩენი სამედიცინო პერსონალი, მოთხოვნის მიხედვით, გაიტესტება ორ კვირაში ერთხელ“,- აცხადებს გამყრელიძე.
გამყრელიძის თქმით, ინტენსიურად ტესტავენ ყველა კარანტინში მოთავსებულ ადამიანს კარანტინიდან გამოსვლის მე-13, მე-14-ე დღეს.
„ძალიან ბევრი კარანტინში ინფიცირებული აღმოვაჩინეთ და პრევენცია გავაკეთეთ ინფექციის გავრცელების. ასევე ძალიან სერიოზულად დაიწყო ტესტირება უკვე, ორ კვირაზე მეტია, ტრაილერების მძღოლების. მთელი ალგორითმია ამაზე. მოგეხსენებათ, ჩვენთან არ შეჩერებულა ტვირთბრუნვა, ისინი შემოდიან ოთხ ყველაზე დაზიანებული ქვეყნის გავლით და მათზე ხდება ძალიან სერიოზული მონიტორინგი. ამას ემატება მოხუცთა სახლები, სხვადასხვა პროფესიის ტესტირება“,- განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძის განცხადებით, მომზადდა მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ადამიანთა დამატებითი ჯგუფები, ვისთვისაც მოლეკულური ტესტირების ჩატარება აუცილებელი იქნება.
„მომზადდა მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ადამიანთა კიდევ დამატებითი ჯგუფები, ვისთვისაც მოლეკულური ტესტირების ჩატარება აუცილებელი იქნება, რათა ჩვენ ინფექციის გავრცელებისგან მაქსიმალურად დაზღვეული ვიყოთ. ამისთვის გარკვეული მარაგები ქვეყანაში დღეს არსებობს.
ასევე ვიცით, რას ველით ივნისში, რამდენი გვაქვს კიდევ შეკვეთილი ივლის-აგვისტო-სექტემბერში და როგორ ვაძლიერებთ ჩვენ მატერიალურ ტექნიკურ ბაზას და სიმძლავრეებს“,- განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, კორონავირუსი ქვეყანაში ისევ ცირკულირებს. გამყრელიძის განცხადებით, ფართოვდება ე.წ. ნაცხის ამღები პუნქტების წრე, რათა ადამიანებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი იყოს ეს პროცედურა.
„ნუ მივეცემით ილუზიას, რომ ჩვენ კოვიდი დავამარცხეთ. კორონავირუსი ქვეყანაში ცირკულირებს და ჩვენ მასთან თანაცხოვრებას უნდა მივეჩვიოთ. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ და პირველივე სიმპტომების: ტემპერატურის, ხველის, სუნთქვის გაძნელების და სხვა რესპირატორული სიმპტომების გამოვლენისთანავე დავრეკოთ 112-ზე, დავურეკოთ ოჯახის ექიმს ან პირდაპირ მივიდეთ ცხელების კლინიკებში. ჩვენ ვაფართოებთ ე.წ. ნაცხის ამღები პუნქტების წრეს ქვეყანაში, რათა ადამიანებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი იყოს ეს პროცედურა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.