ამირან გამყრელიძე - მიმდინარეობს კონსულტაციები საპატრიარქოსთან, დარწმუნებული ვარ, გამოიძებნება ოქროს შუალედი და ეს ორი კვირა არ მიაყენებს ზიანს მოსახლეობის ჯანმრთელობას, არ იქნება ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ხელშემწყობი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკლესიასთან კონსულტაციები მიმდინარეობს.
გამყრელიძის თქმით, შემდეგი ორი კვირა იქნება რთული, მაგრამ ჩვენ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ.
„კვირას იქნება ჩვენი ყველაზე დიდი, შობასთან ერთად, საუფლო დღესასწაული, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელსაც ყოველთვის ვზეიმობთ საქართველოში, ისევე როგორც აღდგომა მთელს მსოფლიოში აღინიშნება. იცით, რომ ბევრი კითხვა შემოდის ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა აღინიშნოს წელს. არაფერი დასამალი არ არის, რომ მიმდინარეობდა და მიმდინარეობს კონსულტაციები საქართველოს ეკლესიასთან, დღეს პრემიერმა განაცხადა ამის შესახებ. ეკლესიასთან, რომელიც გახლავთ ყველაზე უფრო მაღალრეინტინგული და საუკუნეების განმავლობაში აღიარებული ინსტიტუცია ქვეყანაში, რომელმაც გამოიარა ათასწლეულები და ის მხოლოდ ხელს უწყობდა და უწყობს ერის განვითარებას, ერის ჯანმრთელობას, ერის განათლებას. ამიტომ, ეს ორი კვირა, ვნების და შემდეგ ბრწყინვალე შვიდეულის იქნება რთული, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ, ეს სიტყვა დამკვიდრდა უკვე, კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, ეს ადვილად მოსავლელი დაავადება არ არის და არ იქნება. ამიტომ უნდა გავითავისოთ, როგორ მოვიქცევით თითოეული ჩვენთაგანი ამ ორი კვირის განმავლობაში, თავს როგორ ავარიდებთ დიდ თავყრილობებს, იქნება ეს ოჯახებში, იქნება ეს ეკლესიებში, თუ ეს იქნება სასაფლაოებზე, რადგან ტრადიციაა ჩვენთან აღდგომის შემდეგ ბრიწყინვალე შვიდეული“, – განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძე ამბობს, რომ დარწმუნებულია, საპატრიარქოსთან კონსულტაციების შედეგად, ოქროს შუალედი გამოიძებნება.
„კონსულტაციები საპატრიარქოსთან, პირველი პირების, მღვდელმთავრების ჩათვლით მიმდინარეობს და მე დარწმუნებული ვარ, გამოიძებნება კომპრომისი, ოქროს შუალედი, როგორც პრემიერმა ბრძანა, რომ ეს ორი კვირა არ მიაყენებს ზიანს ჩვენი მოსახლოების ჯანმრთელობას. არ იქნება ხელშემწყობი ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის დაწყების“, – აღნიშნა გამყრელიძემ.