ამირან გამყრელიძე - მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რომ მაისის ბოლოსთვის 100 000 ტესტის მარაგი იყოს
ამირან გამყრელიძე - მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რომ მაისის ბოლოსთვის 100 000 ტესტის მარაგი იყოს

რომ გვაკრიტიკებენ, რა ტესტებს იყენებენო, არა, ბატონო, ჩვენ კარგ, გერმანულ, ყველაზე საუკეთესო ტესტებს ვიყენებთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„ე.წ პანელია, „შარიტეს პანელს“ ეძახიან, „შარიტეს“ პროტოკოლით დამზადებული. ალბათ, გაგიგიათ პროფესორი დროსტენი, გერმანიის მთავარი ადამიანი, ვინც ახლა გერმანიაში სიტუაციას მართავს და პროფესორი ვილერი, რობერტ კოხის ინსტიტუტის დირექტორი. ამ სამი დღის წინ რობერტ კოხის ინსტიტუტთან გვქონდა ტელეკონფერენცია, ძალიან ბევრი რამ გავუზიარეთ ერთმანეთს და რა თქმა უნდა, ბევრ რამეს ვიზიარებთ გერმანიიდან. მოგეხსენებათ, გერმანია ყველაზე წარმატებულია ამ ე.წ გაფართოებულ ტესტირებაში, მაგრამ გაფართოებული ტესტირება ზოგს ასე ესმის და ხმარობენ – მასობრივ ტესტირებას. კიდევ ერთხელ ავხსნი – მთელი მოსახლეობა რომ გამოიკვლიო, ასეთი რამ არ არსებობს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, გერმანიაში მხოლოდ და მხოლოდ სიმპტომიან ადამიანებს ტესტავენ.

„ტელეკონფერენციაზე, რომელიც რობერტ კოხის ინსტიტუტთან გვქონდა, მათ ხაზი გაუსვეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ სიმპტომიან ადამიანებს ტესტავენ. ანუ, ვისაც სიმპტომი აქვს და შემდგომ, რა თქმა უნდა, სიმპტომებიდან, თუ დადებითია, გადიან კონტაქტებზე. ისევე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ. 

მისი თქმით, სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა მიდგომაა და ახლა, საქართველო სერიოზულად აფართოებს ტესტირებას.

„გვეკითხებიან, ახლა რატომ აფართოებთო. იმიტომ, რომ სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა მიდგომაა. თავიდან, დღეში 300-350 PSR ტესტირება გვქონდა, ახლა 700 გვაქვს, გვქონდა 800 და ერთ დღეს 900-იც. ამ თვის ბოლოს ალბათ, საშუალოდ, 900-დან 1 000-მდე გავალთ. შემდეგ, 10 მაისისთვის 1 500-ზე გავალთ და მაისის მეორე ნახევარში უკვე 3 000-ზე. ანუ, ეს იქნება ის სტანდარტი, რასაც ავსტრია, გერმანია და შვეიცარია დღეს აკეთებს. საუბარია PSR ტესტებზე, რომელიც დღეს კვლევის ოქროს სტანდარტი გახლავთ. სწრაფი ტესტები კიდევ სხვა არის და სხვა ჩვენებითა და დანიშნულებით კეთდება. როდესაც შეზღუდვებს გარკვეულწილად ვამსუბუქებთ, ორი რამ უნდა გქონდეს მომზადებული. ერთი, უნდა გქონდეს ფართო ტესტირების საშუალება, უფრო გაფართოებულის და მეორე, მზად უნდა გქონდეს ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სექტორი, რომ ახალი ინფიცირებული ვინც გამოჩნდება, იმას სწრაფად მოუაროს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ყოველდღიურად 20-40 და 50 შემთხვევას მოუვლის, მაგრამ 100 და 150 უკვე რთული იქნება და სწორედ ამიტომ ხდება შემზღუდავი ღონისძიებების ნელ-ნელა მოშვება, რომ ჯანდაცვის სისტემას „ეპიდემიაზე კონტროლი“ ხელიდან არ გაექცეს.

მისივე თქმით, საქართველო სერიოზულად ავსებს ტესტების მარაგებს.

„დღეს 21 000 PSR ტესტის მარაგი გვაქვს. ამაღამ, ჩარტერით ჩამოდის 40 000 ტესტი. ამ კვირის ბოლოს კიდევ 15 000-ით შეივსება მარაგი, იმ კვირაში კიდევ და მაისის დასაწყისში სადღაც, 80-90 000-ის მარაგი გვექნება. ამ კვირაში მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რომ მაისის ბოლოსთვის 100 000 და შემდეგ, ივნისისთვის ასევე 100 000 ტესტის მარაგი იყოს. ანუ, აქ ჩვენ ჯერ წყვეტა არ გვქონია და ეს კიდევ უფრო გაფართოვდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.