ამირან გამყრელიძე - მესმის, რომ რთულია სიცხეში პირბადის ტარება, მაგრამ ამაზე უკეთესი პრევენციული საშუალება არ არის
ახლა რთულია თქმა, გადავიარეთ თუ არა პიკი, მაგრამ ფაქტია, ეპიდსიტუაციის დამშვიდების ტენდენცია გამოჩნდა, ანუ პიკს გადავდივართ, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
გამყრელიძის თქმით, ყოველდღიურად კორონავირუსის 1 000 შემთხვევა ჩვენი ქვეყნისთვის ბევრია და შემთხვევების სიმრავლესთან ერთად, არის მაღალი სიკვდილიანობაც.
„სამწუხაროდ, ყველანაირი პროგნოზირებით, სიკვდილიანობის ასეთი მაჩვენებელი, ანუ 20-30-ს შორის მერყეობა ჯერ კიდევ დარჩება ალბათ ერთი-ორი კვირის განმავლობაში. ეპიდსიტუაცია უკეთესია, ვიდრე ეს იყო ორი-სამი კვირის წინ, მაგრამ ყოველდღიურად 1 000 შემთხვევა ჩვენი ქვეყნისთვის ბევრია. მით უმეტეს, ის ყველაზე მძიმე ინდიკატორი, რომელიც გახლავთ სიკვდილიანობა. ამიტომ ისევ უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ ვიყოთ ძალიან ფრთხილად. დამშვიდებისკენ რომ მიდის სიტუაცია, ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან 1 000 შემთხვევა ყოველდღიურად პატარა ქვეყნისთვის ბევრია. ისევ და ისევ, უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია. საუბარია პირბადის უნივერსალურ ტარებაზე. მესმის, რომ რთულია, მაღალია ჰაერის ტემპერატურა და უჭირთ ადამიანებს, მაგრამ მეორე მხრივ, პირბადეზე უკეთესი პრევენციული საშუალება არ არის. მეორე – დისტანცია, რასაც ვამბობთ ყოველთვის და რაც მთავარია, დიდი თავყრილობებისგან თავის არიდება ყველანაირი მიზეზით. ასევე, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ყველას მისვლა ვაქცინაციაზე“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ამირან გამყრელიძემ.