ამირან გამყრელიძე - მარტო წესების კონტროლი და მათრახი არაფერს იძლევა, მთავარია ჩვენი თვითშეგნება
კონტროლი აუცილებელია, მაგრამ მარტო კონტროლი და მათრახი არაფერს იძლევა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ჩვენი თვითშეგნებაა მთავარი. ჩვენ კარგი გაკვეთილი მივიღეთ, როცა აგვისტოში ძალიან მოვეშვით. აგვისტოში ავიშვით, საზოგადოებაში ილუზია შეიქმნა, რომ კორონავირუსული ინფექცია დავამარცხეთ და არსად არავითარი კონტროლი აღარ წარმოებდა. ამან მივიყვანა იქამდე, რაც მოხდა. ამას სხვა პროცესებიც ახლდა, წინასაარჩევნო პერიოდი, თვითონ არჩევნები, პოსტარჩევნების პერიოდი და ამ ყველაფერმა ერთობლიობაში შექმნა ის სურათი, რაც გვქონდა. ამიტომ, ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, სად ხედავს ყველაზე დიდ რისკს მას შემდეგ, რაც მუშაობა განახლდება და მობილობა გაიზრდება სკოლებში, ტრანსპორტში და კვების ობიექტების ღია სივრცეებში, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ რისკი ყველგან არის, სადაც შემსუბუქება ხდება.
„მუნიციპალური ტრანსპორტი მობილობის ზრდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტიმულატორია. მეტროში ყოველდღიურად, თუ არ ვცდები, 500 000 ადამიანი გადაადგილდება და ასევე საკმაოდ დიდი რაოდენობა ავტობუსებით თუ სამარშრუტო ტაქსებით და ა.შ. ამიტომ, იქ აუცილებლად უნდა იყვნენ კონტროლიორები და ერთმანეთიც უნდა ვაკონტროლოთ. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავიცვათ დისტანცია და ავტობუსები, თუ მეტროს ვაგონები გადაჭედილი არ იყოს. იმიტომ, რომ მომატებული რისკის სტიმული სწორედ ხალხის დიდი თავყრილობაა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ წლის განმავლობაში უარი უნდა ვთქვათ რესტორნებში დიდ ქორწილებზე, ქელეხებზე და ა.შ.
„უნდა შევიგნოთ ის, რომ საქართველოში კოვიდით უკვე 3 200 ადამიანი დაიღუპა. ეს ხომ უნდა შევიგნოთ და შევიდეთ ადამიანთა მდგომარეობაში?!“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, კორონავირუსული ინფექცია არსად გამქრალა, ჩვენთან არის და სამწუხაროდ, კიდევ კარგა ხანს იქნება, სანამ მსოფლიოს და ჩვენი მოსახლეობის 70% არ აიცრება და სერიოზული საზოგადოებრივი იმუნური ფენა არ შეიქმნება.
„აი, მაშინ შეიძლება, ვისაუბროთ იმაზე, რომ ჩვენ შესაძლოა, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ, მაგრამ სანამ აცრების ასეთი მოცვა იქნება, მანამდე ერთადერთი იარაღი არის პირბადე, დისტანცია, ხელების დამუშავება და დიდი შეკრებების დაუშვებლობა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა მონაცემების შემთხვევაში შეიძლება, ქვეყანაში ხელახლა დაწესდეს შეზღუდვები, ან პირიქით, მათი კიდევ უფრო შემსუბუქება მოხდეს, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება რამდენიმე ინდიკატორის საფუძველზე მიიღება, შეზღუდვები შემსუბუქდეს თუ გამკაცრდეს.
მისივე თქმით, თუ ყველა წესს დავიცავთ და პირბადის ტარების მაჩვენებლით 95%-ზე ავალთ, ივნისამდე კარგად მივალთ ისე, რომ მესამე ტალღა არ შეგვეხება. ამირან გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ დღეს პირველად, ვაქცინირებულთა რაოდენობამ ინფიცირებულთა რაოდენობას გადააჭარბა, რაც ძალიან სასიხარულოა.
„ვისაც ვაქცინის არ სჯერა, ერთ რიცხვს მოგიყვანთ – მსოფლიოში დღეს უკვე უკვე 107 მილიონია ვაქცინირებული, ინფიცირებული კი 105 მილიონი. ამ 105 მილიონიდან სამწუხაროდ, 2,3 მილიონი ადამიანი დაიღუპა, 107 მილიონი ვაქცინირებულიდან კი არც ერთი ფატალური გართულება არ არის. ამიტომ, უნდა დავიჯეროთ, რომ პანდემიის დამარცხების გზა გადის შეზღუდვებზე და ჯანდაცვის სექტორის მიერ რეკომენდირებული წესების დაცვაზე. ამას რომ ვამბობ, მაკრიტიკებენ, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა, რომ პირბადე და წესები ჩვენ კიდევ ერთი წელიწადი დაგვჭირდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.