ამირან გამყრელიძე - მარნეულში ინფიცირებული პაციენტის ყველა შესაძლო კონტაქტის კვლევა მიმდინარეობს, უკვე 90-მდე კონტაქტია მოძიებული
მარნეულში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის უშუალო წყარო ამ ეტაპზე დადგენილი არ არის, მიმდინარეობს რამდენიმე სავარაუდო წყაროზე მუშაობა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ამირან გამყრელიძე ამ ეტაპზე ვერ საუბრობს იმაზე, გაზრდის თუ არა მარნეულის შემთხვევა ინფიცირებულთა რაოდენობას. როგორც მან აღნიშნა, ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
„დღეს გვაქვს ახალი კორონავირუსის 54 შემთხვევა, შემთხვევები იზრდება და ამას ჩვენ ვპროგნოზირებდით და ვპროგნოზირებთ, რომ რაოდენობა გაიზრდება. მარტო მარნეული გაზრდის თუ არა, ამას ჯერჯერობით ვერ გეტყვით, რადგან ახლა მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა ამასთან დაკავშირებით. საკმაოდ ბევრი კონტაქტი გამოიკვეთა და მათი შემდგომი ლაბორატორიული კვლევის შედეგები გვეტყვის, რამდენად გაიზრდება ან არ გაიზრდება შემთხვევების რაოდენობა მარნეულის საფუძველზე. უშუალოდ წყარო ამ ეტაპზე დადგენილი არ არის, მიმდინარეობს რამდენიმე სავარაუდო წყაროზე მუშაობა, რადგან ერთ-ერთ ვერსიად განიხილება, რომ იყო დიდი სარიტუალო სუფრა, სადაც გახლდნენ როგორც აზერბაიჯანიდან შემოსული ადამიანები, აგრეთვე ადგილობრივები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ახლა მიმდინარეობს ყველა შესაძლო კონტაქტის კვლევა. ამ ეტაპზე, 90-მდე კონტაქტი არის მოძიებული.
„პაციენტის მდგომარეობა დანარჩენ პაციენტებთან შედარებით, გაცილებით მძიმეა, მრავალი ფაქტორია, რამაც ასეთი მდგომარეობა გამოიწვია, მხოლოდ ერთი მიზეზი არ არის“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.
დღეს გახდა ცნობილი, რომ შუახნის ქალი, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდგინდა, მარნეულიდან იყო. პაციენტი ორმხრივი პნევმონიით ოთხი დღის წინ მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.