მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, ის თბილისში გადმოჰყავთ
მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, ის თბილისში გადმოჰყავთ

მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, ის თბილისში, სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოჰყავთ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განუცხადა.

„ვნახავთ, გამოვიკვლევთ და გეტყვით ყველაფერს. აპარატზეა შეერთებული, ერთადერთი ეს ვიცი ამ დროისთვის. ყველაზე მძიმეა ქვეყანაში“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ქალაქ მარნეულში და ამ ქალაქში მდებარე სამედიცინო ცენტრ „ჯეო ჰოსპიტალსში“ ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ისინი იმ კონტაქტების დადგენას ცდილობენ, ვისთანაც ბოლო დღეებში მარნეულში ინფიცირებულ ქალს შეხება ჰქონდა.

დღეს გახდა ცნობილი, რომ შუახნის ქალი, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდგინდა, მარნეულიდან იყო. პაციენტი ორმხრივი პნევმონიით ოთხი დღის წინ მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მოათავსეს.