ამირან გამყრელიძე - მადლობა მოქალაქეებს, რომლებმაც სოციალური პასუხისმგებლობა გაითვალისწინეს, მაგრამ შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი ჯერ ნაადრევია
ამირან გამყრელიძე - მადლობა მოქალაქეებს, რომლებმაც სოციალური პასუხისმგებლობა გაითვალისწინეს, მაგრამ შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ პირობებში, როცა არ არსებობს ვაქცინა და არ არის შექმნილი ეთიოტროპული წამალი, მკაცრი შეზღუდვები კორონავირუსთან საბრძოლველად ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია.

„მოგეხსენებათ, ეს შეზღუდვები და მკაცრი შეზღუდვები გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი ამ ინფექციასთან ბრძოლის, როცა არ არსებობს ვაქცინა და არ არის ეთიოტროპული წამალი. სოციალური დისტანცირება და შეზღუდვები გახლავთ სწორედ ამ მობილობის შეზღუდვა, გადაადგილების შეზღუდვა, ერთად თავშეყრის შეზღუდვა, ხალხის ერთად ყოფნის შეზღუდვა ინფექციის გავრცელების რისკს ამცირებს“ , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე ფიქრობს, რომ მოქალაქეებმა გუშინ სოციალური პასუხისმგებლობა გაითვალისწინეს, რისთვისაც მათ მადლობას უხდის.

თუმცა, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აღნიშნული შემთხვევების შემდგომი ზრდის რისკს მხოლოდ შეამცირებს.

„რაც ვნახეთ გუშინ, რომ ნაკლები ადამიანი იყო ვთქვათ თავშეყრილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, იგივე ტაძრებში და დაცული იყო მაქსიმალურად დისტანცირების მექანიზმები, ძალიან ბევრი არ მივიდა, მადლობა ამ ადამიანებს, ეს სოციალური პასუხისმგებლობა გაითვალისწინეს, ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ახალი შემთხვევების შემდგომი ზრდის რისკს მხოლოდ და მხოლოდ შეამცირებს. დამშვიდების საფუძველს ჩვენ არაფერი გვაძლევს. ერთი და ორი დღე დამშვიდების საფუძველს ნამდვილად არ მოგვცემს“ , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ ახალი შემთხვევების ზრდა კვლავ მოსალოდნელია და თუ რა როლი ითამაშა შეზღუდვების განხორციელებამ, თუნდაც ზოგიერთ შემთხვევაში შეზღუდვების შეუსრულებლობამ, ეს დაახლოებით 10 დღის შემდეგ გამოჩნდება.

„დამშვიდების საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს, რადგან ახალი შემთხვევების ზრდა იქნება და თუ რა როლი ითამაშა იმ შეზღუდვებმა, რაც განხორციელდა და რაც ასევე, სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში არ განხორციელდა, ამას ჩვენ დავინახავთ ერთი კვირის, ათი დღის შემდეგ.

დიახ, რისკი ოდნავ შეიძლება ნაკლები იყოს, ვიდრე ჩვეულებრივად რომ მიდიოდნენ ადამიანები ყოველ დღესასწაულზე ტაძრებში, რომ იკრიბებოდა ახლოს, მაგრამ რისკი, რა თქმა უნდა, მაინც მომატებული  არის. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ამას ჩვენ დავინახავათ ერთი კვირის, ათი დღის განმავლობაში, ახლა, დღეს ამას ვერ შეაფასებ“ , – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კითხვაზე, საჭიროა თუ არა შეზღუდვების მოხსნა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია.

„არა, ჯერ ეს ყველაფერი ნაადრევია, მოხსნაზე საუბარი ჯერ ნაადრევია“ , – დასძინა გამყრელიძემ.

გაგრძელდება თუ არა ავტომობილების გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვა – გამყრელიძე ამბობს, რომ აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო იღებს.

„ჩვენი რეკომენდაცია მიცემული აქვს საკორდინაციო საბჭოს, გადაწყვეტილებას იღებს საკოორდინაციო საბჭო. ჩვენი რეკომენდაცია არის რეკომენდაცია, რომელიც იცის საკორდინაციო საბჭომ, ამიტომ ამაზე ღია ეთერში მე არ ვსაუბრობ“ , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.