ამირან გამყრელიძე - კორონავირუსზე მიზნობრივ ტესტირებაში შესაძლოა, მეშახტეებიც ჩაერთონ
კორონავირუსზე მიზნობრივ ტესტირებაში შესაძლოა, მეშახტეებიც ჩაერთონ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე მიზნობრივი ტესტირება ყველა იმ ჯგუფს უტარდება, ვინც დაავადების გავრცელების ყველაზე მაღალ რისკს წარმოადგენს.
„კონკრეტული ჯგუფები დამატებულია, თქვენ იცით, რომ ტესტირებას დღეს ექვემდებარება ყველა შესაძლო შემთხვევა, ყველა კონტაქტი ინფიცირებულთან, ყველა კარანტინში მყოფი მე-13 და მე-14 დღეს, ყველა პნევმონიით ავადმყოფი ნებისმიერ საავადმყოფოში, ყველა ადამიანი ცხელებით. კიდევ ერთხელ მივმართავ ადამიანებს, ვისაც ექნება მომატებული ტემპერატურა, რომ მიმართონ შესაბამის ცხელების ცენტრებსა და ამბულატორიულ დაწესებულებებს, ასეთი რამოდენიმე ათეულია ქვეყანაში, რომ იქ ჩაიტარონ ტესტი, ეს ტესტი, მოგეხსენებათ, არის უფასო და სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი. ასევე ტესტირებას ექვემდებარება მოხუცთა და ბავშვთა სახლებში მყოფი ადამიანები, სრული სამედიცინო პერსონალი, ვინც მუშაობს კოვიდის კლინიკებში, ცხელების კლინიკებში, რეანიმაციულ განყოფილებებში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში და ა.შ. ასევე სატვირთო ავტომობილების მძღოლები. ახლა გადავდივართ, გარკვეულად მუშავდება მეშახტეების ტესტირების ალგორითმი და კიდევ არის რამდენიმე ჯგუფი, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო ტესტირებას და ეს არის გაწერილი მთავრობის დადგენილებით. ასევე თვითიზოლაციიდან გამოსვლის დროს ადამიანები ექვემდებარებიან ტესტირების“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.