ამირან გამყრელიძე - კორონავირუსზე დღეში 600-700 ტესტი ტარდება, გვინდა, დღეში 3000-მდე ავიდეთ, რითაც გერმანიისა და ავსტრიის მაჩვენებელი გვექნება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დღეისათვის საქართველოში კორონავირუსზე ტესტირებას 11 ლაბორატორია ატარებს.
„მოგეხსენებათ, რომ ტესტირება ქვეყანაში თანდათან უფრო ფართოვდება. თუ თავიდან ჩართული იყო მხოლოდ ლუგარის ცენტრის ლაბორატორია, დღეისთვის უკვე 11 ლაბორატორია მონაწილეობს. სახელმწიფო ლაბორატორიების გარდა, უკვე ჩაერთო კერძო ლაბორატორიებიც. ბოლო ჩართვა მოხდა სამი დღის წინ, მანამდე მხოლოდ ხუთი ლაბორატორია მონაწილეობდა და დაემატა ექვსი. მხედველობაში მაქვს „პისიარ“ ტესტირება. ბოლოს, 20 რიცხვიდან ინტენსიური გავხადეთ ტესტირება, როდესაც დავამატეთ ლაბორატორიები. 900-ზე ზემოთ ავედით განმეორებით გატესტვებზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია, თუ რამდენი ტესტი ტარდება დღეში და როგორ მიმდინარეობს პროცესი.
„ბოლო ექვსი დღის განმავლობაში ყოველდღიურად სცილდება 600-700-ს. დაგეგმილია, რომ ამ თვის ბოლოს უნდა ავიდეთ დღეში დაახლოებით 1000 ტესტირებაზე, მაისის 10-15-ისთვის დაგეგმილი გვაქვს 1500–2000. შემდეგ ძალიან გვინდა, თუ საქართველოს სიმძლავრეებით ამას შევძლებთ, დღეში დააახლოებით 3000 ტესტი გვქონდეს. 2000-2500 ის სტანდარტია, რასაც დღეს გერმანია, ავსტრია, შვეიცარია აწარმოებენ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, დღეში 2000-2500 ტესტზე ასვლით საქართველო გერმანიის მაჩვენებელს მიუახლოვდება.
„ხშირად კითხულობენ, რატომ არ მოხდა ადრე ეს, გუშინ, გუშინწინ, ერთი თვის წინ. როდესაც ხდება შედარება, ვთქვათ, ავსტრიასთან, გერმანიასთან, ინგლისთან თუ საფრანგეთთან და ასე შემდეგ. გერმანიაში დღეს გამოკვლეულია მოსახლეობის 2,5 პროცენტი. ჩვენ ასული ვართ, თუ ამას დაამაატებთ სწრაფ ტესტებს და ასეთი 8 000-დან 9000-მდეა ქვეყანაში დახარჯული, თუ არ ვცდები, 0,6 პროცენტზე, რადგან ბევრი ქვეყანა მხოლოდ „პისიარს“ არა, ასევე სწრაფ ტესტებსაც იყენებს, თუმცა, შეფარდება არის 80/20-ზე ანუ 80 პროცენტი – „პისიარი“, დანარჩენი ე.წ. სწრაფი ტესტები. ჩვენ ვართ სადღაც 0,6 პროცენტზე, რომლითაც საშუალო ვართ იმ ტიპის ქვეყნებს შორის, ანუ დაახლოებით იმ ტიპის ქვეყნებს შორის ვართ, როგორიც ვართ ჩვენ დღეს განვითარებით. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისწრაფით ევროკავშირისკენ, გვინდა სწორედ ის მაჩვენებლები, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ და თუ ჩვენ ავალთ დღეში 2000-2500 ტესტირებაზე, გვექნება დაახლოებით გერმანიისა და ავსტრიის მაჩვენებელი. მაგრამ ეს არ არის მასობრივი ტესტირება, რასაც უწოდებენ. დღეს არც ერთი ქვეყანა არ აკეთებს, გარდა ისლანდიისა, იქაც ერთად იყო „პისიარი“ და სწრაფი. ის პატარაა, მოგეხსენებათ, 300 000-ია ისლანდიის მოსახლეობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.