ამირან გამყრელიძე - კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია მიუთითებს, რომ შემთხვევების უმრავლესობა უსიმპტომო და მსუბუქია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა იზრდება, რაც პოზიტიურია.
მისივე თქმით, გამოჯანმრთელებულთა ზრდის ტენდენცია მიუთითებს იმაზე, რომ შემთხვევათა უმრავლესობა უსიმპტომო და მსუბუქი მიმდინარეობისაა.
„ბოლო დღეების პოზიტივია ის, რომ იზრდება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, რომელიც უცბად დაეცა ახალ ინფიცირებულთან შეფარდებით. აგვისტოში გარკვეულ ეტაპზე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გვქონდა 82 პროცენტი საერთო ინფიცირებულების. შემდეგ დავარდა სადღაც 39 პროცენტამდე, როცა სექტემბერში გვქონდა და გვაქვს ძლიერი ზრდა. ახლა ისევ ავდივართ თანდათან 52 პროცენტზე და ტენდენცია მდგრადია. ეს პატარა, მაგრამ ნიშანია, რომ ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა თანდათანობით მატულობს. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურ რიცხვში სიკვდილიანობა გაზრდილია და 53 გვაქვს, 19 გვქონდა აგვისტოში, ინფიცირებულებთან პროცენტული შეფარდება გვაქვს 0.60 მეასედი, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში. გამოჯანმრთელებულების პროცენტული ზრდის ტენდენცია მიუთითებს, რომ მაინც შემთხვევათა უმრავლესობა გახლავთ უსიმპტომო და მსუბუქი მიმდინარეობის“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების ბინაზე მართვაზე და განაცხადა, რომ ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.
„აჭარაში წარმატებით დაიწყო პილოტირება ინფიცირებულების ბინაზე მართვის, რომელიც უკვე გადმოტანილია იმერეთში და თბილისშიც, მაგრამ უფრო მცირე მასშტაბით. ასეთი უკვე დაახლოებით 1000-ზე მეტია აჭარაში, ისინი წარმატებით იმართებიან ბინაზე. მათ მხოლოდ დაკვირვება და ოჯახის ექიმის კონსულტაციები სჭირდებათ, წამალი თითქმის არა. ისინი 12 ან 10+3 დღის შემდეგ გადიან იზოლაციიდან“, – განაცხადა გამყრელიძემ.