ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის ტესტების კომერციალიზაციას მხარს არ დავუჭერ, ეს არის გლობალური გამოწვევა და მას ერთად ვებრძვით
კორონავირუსის ტესტების კომერციალიზაციას მხარს არ დავუჭერ, ეს არის გლობალური გამოწვევა და მას ერთად ვებრძვით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ჩემს პირად აზრს მოგახსენებთ. მოგეხსენებათ, საქართველოში სამედიცინო დაწესებულების უმეტესობა არის კერძო და მათ აქვთ საკმაოდ კარგი კერძო ლაბორატორიები, სადაც თავისუფლად შეუძლიათ მოლეკულურ ტექნოლოგიებზე დამყარებული ტესტირებები. თუ ეს იქნება სწრაფი ტესტები ჩატარება, ეს თავისუფლად შეუძლიათ და ეს შესაძლებელია. დღეს პრემიერ-მინისტრმა დავალება მისცა ჯანდაცვის სამინისტროს, რომ უნდა განისაზღვროს და დადგინდეს ფასი, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს.
ხაზს ვუსვამ, ეპიდემიების დროს ტესტირებების კომერციალიზაცია არ ხდება და დღეს ჩვენ გვაქვს პანდემია მსოფლიოში. ასეთ დროს, ყველაფერს თავის თავზე იღებს სახელმწიფო, რათა ადამიანებისთვის ის იყოს ფინანსურად ხელმისაწვდომი. ამიტომ, განისაზღვრება ოპტიმალური ფასი, რაც არის ბაზარზე სწრაფი ტესტის ანტიგენზე დამყარებულის, ანტისხეულზე დამყარებულის და შესაბამისად, უფლება ექნება ყველას, ვისაც შეუძლია ამ ტესტირების ჩატარება და, რა თქმა უნდა, ამას აანაზღაურებს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამა.
მაგრამ ის, რომ ვიღაცას მოუნდეს და კომერციალიზაციის მიზნით გააკეთოს, ეს კიდევ განსახილველი საკითხია. თუ ჩემს პირად მოსაზრებას მეკითხებით, მე დღეს მხარს არ დავუჭერდი კომერციალიზაციას კორონავირუსზე ტესტირებისა, რადგან არის გლობალური გამოწვევა და დღეს ჩვენ ამას ერთად ვებრძვით და არა რომელიმე ლაბორატორია მოგების მიზნით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.