ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის შემთხვევების ნახტომისებური ზრდა ჯერ არ გვაქვს
ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის შემთხვევების ნახტომისებური ზრდა ჯერ არ გვაქვს

კორონავირუსის შემთხვევების ნახტომისებური ზრდა ჯერ არ გვაქვს, დინამიკური ზრდის პროცესია, – ამის შესახებ დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 30 იანვრიდან დღემდე საქართველოში სულ 1300 შესაძლო შემთხვევაზე აიღეს ტესტი, საიდანაც კორონავირუსი 54 პირს დაუდასტურდა.

„ლაბორატორიულად დადასტურებული 54 შემთხვევაა, მაგრამ ახლა მიმდინარეობს საკმაოდ ბევრი კვლევა როგორც ჩვენთან, ისე ქუთაისში, ბათუმში და ჩვენთან ინფექციურ საავადმოფოში.

30 იანვრიდან სულ გატესტილია 1300-მდე ნიმუში, მათგან 54 დადებითი. ჯერ შემთხვევების ნახტომისებური ზრდა არ გვაქვს, დინამიკური ზრდის პროცესია. კარანტინში არის 2712 ადამიანი, თვითიზოლაციაში 2693 – ეს გუშინდელი საღამოს მონაცემებია. აქედან 199 თვითიზოლაციიდან გასულია.

გამოჯანმრთელდა სამი პაციენტი. მათ ზედიზედ ორჯერ ჰქონდათ უარყოფითი რეაქცია კორონავირუსის ანტიგენზე. ისინი უკვე გაწერილები არიან რეკომენდაციით, რომ ორი კვირა თვითიზოლაციაში უნდა იყვნენ”, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.