ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის შემთხვევათა მატების მიუხედავად, ჯანდაცვის სისტემა ჯერ გამოწვევას უძლებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად კორონავირუსის შემთხვევების მატებისა, ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემა გამოწვევას უძლებს. მისივე თქმით, რესურსები ამოუწურავი არ არის, რის გამოც კოვიდინფიფირებულების მართვის კუთხით ბალანსი კარგად უნდა იყოს დაცული.
„ვერ გეტყვით, რომ დღეს ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის კოლაფსია, მიუხედავად რთული ვითარებისა, შემთხვევათა რიცხვის ზრდისა, ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემა ამ გამოწვევას უძლებს, მაგრამ რესურსები ამოუწურავი არ არის. საქართველოს აქვს 17 000 საწოლი და ჰყავს დაახლოებით 21-22 ათასი ექიმი, ვინც მუშაობს. ასევე 18 000 ექთანი. ეს არის საქართველოს ჯანდაცვის რესურსი. ჩეხეთი ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოა და მას ძალიან გაუჭირდა, გერმანიას მიმართა დასახმარებლად და გერმანიაში აწვენს ავადმყოფებს. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ვაკეთებთ, რომ კოლაფსი არ მოხდეს, ამიტომ ბალანსი კარგად უნდა იყოს დაცული. ვისაც სჭირდება ჰოსპიტალი, ის უნდა მოხვდეს ჰოსპიტალში, ხოლო მსუბუქი და ასიმპტომური შემთხვევები სახლში ან შესაბამის სასტუმროებში უნდა იმართონ “, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.