ამირან გამყრელიძე - საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან სამი კვირა გავიდა, სერიოზული ღონისძიებებით მოვახდინეთ პრევენცია, ჯერჯერობით ფართომასშტაბიანი ეპიდემია არ გვაქვს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევიდან სამი კვირა გავიდა და განხორციელებული სერეიოზული ღონისძიებების შედეგად, ამ დროისთვის ქვეყანაში ეპიდემიის ფართომასშტაბიანი გავრცელება არ ფიქსირდება.
„დღეს გაიმართა პრემიერ-მინისტრთან საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. იქ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დააფიქსირა, რომ გუშინ დასრულდა სამი კვირა პირველი პაციენტის ლაბორატორიული დადასტურებიდან. ამ სამი კვირის განმავლობაში იმ ღონისძიებებით, რომელიც გატარდა და ძალიან სერიოზული ღონისძიებები გატარდა, მოვახდინეთ პრევენცია, რომ ჯერჯერობით არ გვაქვს ფართომასშტაბიანი ეპიდემია ქვეყანაში“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
თუმცა, მისივე განმარტებით, საქართველოში ინფიცირების შემთხვევების მატება მოსალოდნელია.
შესაბამისად, გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მთავრობას მისცა რეკომენდაცია, სოციალური დისტანცირების ღონისძიებები მეტად გამკაცრდეს.
„შემთხვევათა ზრდა ქვეყანაში იქნება და ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა შემთხვევების ფართომასშტაბიანი ზრდა თავიდან ავიცილოთ. შემთხვევათა ზრდა გვექნება, მაგრამ მთავარი ამოცანაა, თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ეპიდემია. სწორედ დღევანდელ სხდომაზე განხილული იქნა და ყველა სექტორმა მოახსენა ის, რა ღონისძიებებიც ტარდება. შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ცენტრი შევიდა წინადადებით, რომ უფრო მეტად გამკაცრდეს სოციალური დისტანცირების, ზოგი ამას ეძხის ფიზიკური დისტანცირების ღონისძიებებს.
გარდა რესტორნებისა, კაფე-ბარებისა და ა.შ. სოციალური დისტანცირების ღინისძიებები რომ შეეხოს ასევე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებს, რა თქმა უნდა, საკვები ობიექტების და აფქთიაქების გამოკლებით. და კიდევ მრავალი ღონისძიება, რომელზე დაფუძნებით პრემიერ-მინისტრმა მისცა დავალებები ყველა სექტორს, რომ დღეს, დღის ბოლომდე თითოეული სექტორი წარუდგენს პრემიერ-მინისტრს იმ ღონისძიებების ნუსხას, რაც მათი კომპეტენციის ფარგლებში გამკაცრებასთან იქნება დაკავშირებული. შესაბამისად, მიღებული იქნება სამთავრობო გადაწყვეტილებები შემდგომი გამკაცრების ნაბიჯების კონკრეტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით“ ,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.