ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის კლასიკურ მეორე ტალღას უფრო ცივ შემოდგომაზე ველოდებით
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში რეგულაციების კიდევ ერთხელ გამკაცრების საჭიროება არ დგას.როგორც გამყრელიძემ „რუსთავი ორს“ განუცხადა, ინფიცირების შემთხვევების მატებას შერბილებული რეგულაციების ფონზე ისედაც ელოდნენ.
გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის მეორე ტალღა შემოდგომაზეა მოსალოდნელი.
„„ის, რაც დღეს, გუშინ, გუშინწინ ხდება, არავითარი საფუძველი შეზღუდვების გაძლიერებისა არ არის. საჭიროა ჩვენი მოსახლეობის უფრო მეტი თვითშეგნება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა, უნდა დავიცვათ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე. მარტო სახელმწიფო ვერაფერს იზამს, თუ თავად საზოგადოება გვერდში არ ამოუდგა.
ჩვენ კლასიკურ მეორე ტალღას უფრო ველოდებით ცივ შემოდგომაზე ანუ აცივებისას. ახლა ეს მაინც დაკავშირებულია, მე ვფიქრობ, ისევ და ისევ ამ შემსუბუქების პოლიტიკასთან, რომელიც პროგნოზირებადი იყო, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.