ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის ხუთი შემთხვევიდან ერთის წყარო დიდი ალბათობით დადგენილია, ვიმედოვნებთ, ოთხ შემთხვევაშიც გავალთ პირველად წყაროზე და კლასტერები დაიხურება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გუშინ გამოვლენილი კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან, ერთი საკარანტინო სივრციდანაა.
მისივე თქმით, ის ლარსის საზღვრიდან შემოვიდა და არსებული წესების შესაბამისად, მოთავსდა საკარანტინო სივრცეში, სადაც სიმპტომები გამოუვლინდა.
ამასთან, გამყრელიძის განმარტებით, შემაშფოთებელია დანარჩენი ხუთი შემთხვევა, რადგან ოთხის შემთხვევაში პირველწყაროს მოძიება ჯერ ვერ მოხერხდა, ხოლო ერთის წყარო დიდი ალბათობით, დადგინდება.
„დღევანდელი სამუშაო თათბირი მოეწყო პრემიერ-მინისტრთან. იცით, რომ ჩვენ გუშინ დაგვიფიქსირდა ექვსი ახალი შემთხვევა. ერთი გახლავთ კარანტინიდან. ეთნიკურად ქართველი, მაგრამ რუსეთის მოქალაქე, რომელიც შემოვიდა ლარსის საზღვრიდან. იცით, რომ ყველა შემოსული ექვემდებარება სავალდებულო კრანტინს, კარანტინში განვითარდა სიმპტომები და დადგინდა კოვიდი. დანარჩენმა ხუთმა შემთხვევამ, გარკვეულად შეგვაშფოთა, რადგან პირველად წყაროზე ვერ გავდიოდით. ამ ხუთიდან ერთის წყარო დიდი ალბათობით დადგენილია, ხოლო დანარჩენ ოთხზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა. მათი პირველადი კონტაქტების, საკმაოდ დიდი რაოდენობის კვლევა მიმდინარეობს, მიმდინარეობს ასევე მეორადი, მესამედი კონტაქტების მოძიება, მათი ნიმუშების აღება და ტესტირება“,- განაცხადა გამყრელიძემ და იმედი გამოთქვა, რომ ოთხი პაციენტის შემთხვევაშიც პირველწყარო დადგინდება.
„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ასევე ამ ოთხ შემთხვევაზეც გავალთ პირველად წყაროზე და მოხდება კლასტერების უახლოეს მომავალში დახურვა. თუმცა, 4-5-6 შემთხვევა არ გახლავთ ბევრი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ადვილად მართავს, მაგრამ ეს არის პირველადი ნიშანი, რომ ინფექცია ცირკულირებს და თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებს ამ შემსუბუქების ფონზე, რასაც იძლევა ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტერი,შეიძლება დავდგეთ საფრთხის წინაშე“,- განაცხადა გამყრელიძემ.
ამიტომ, გამყრელიძე მოქალაქეებს კვლავ რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ შეგვექმნება ილუზია, რომ ჩვენ კოვიდი უკვე დვამარცხეთ. პანდემია გრძლედება მთელს მსოფლიოში. საქართველო ამ სამყაროს ნაწილია, კოვიდი არ დაგვიმარცხებია, პანდემია ცირკულირებს და არავინ იცის, განსაკუთრებით ამ შემსუბუქების პერიოდში, სად, როდის იჩენს ის თავს“, – განაცხადა გამყრელიძემ.