ამირან გამყრელიძე - კორონავირუსული ინფექცია კარგა ხანს ჩვენთან ერთად იქნება, საკმაოდ დიდხანს დაგვჭირდება გარკვეული რეკომენდაციების დაცვა, ზოგიერთ შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვების გამეორება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემია მთელ მსოფლიოში ჯერ კიდევ მიმდინარეობს და დიდი ხნის განმავლობაში არც დასრულდება.
აქედან გამომდინარე, გამყრელიძე კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება.
„მსოფლიოში პანდემია მიმდინარეობს, ის არ დასრულებულა და კარგა ხანს არ დასრულდება. ანუ სიტუაცია სხვადასხვა ქვეყანაში იცვლება. ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად და ეს საკმაოდ დიდხანს დაგვჭირდება. ძალზე დიდხანს დაგვჭირდება ჩვენ გარკვეული რეკომენდაციების დაცვა და ზოგიერთ შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვების კიდევ გამეორება, რადგან ხაზს ვუსვამ, ამ ეპიდემიებს აქვთ ტალღისებრი მიმდინარეობა. ახლა, დიდი ალბათობით, ალბათ ზაფხულისკენ სიტუაცია შესაძლოა, სიმშვიდისკენ წავიდეს, მაგრამ ასევე დიდი ალბათობით და მსოფლიო მეცნიერებთა უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ შესაძლოა, იქნება მეორე, მესამე ტალღა და ასე შემდეგ. ანუ, კორონავირუსული ინფექცია კარგა ხანს ჩვენთან ერთად იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.