ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორის ინფიცირების წყაროს დასადგენად კვლევა მიმდინარეობს
კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან ორის ინფიცირების წყაროს დასადგენად კვლევა მიმდინარეობს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ამასთან, გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ორი მესტიასთან არის დაკავშირებული, ცხრა ინფიცირებულთან კონტაქტია, ორი კი, იმპორტირებული.
„დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან ყველას წყარო ცნობილია ორის გარდა. ამ ორი პირის წყაროს დასადგენად კვლევა მიმდინარეობს. დანარჩენი ორი მესტიის ეპიდაფეთქებასთან არის დაკავშირებული, რასაც ლენჯერის კლასტერს ვეძახით. ცხრა ინფიცირებულთან კონტაქტია და ორი გახლავთ იმპორტირებული შემთხვევა. ორივე სატვირთო ავტომობილის მძღოლია“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 336 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი, კვლავ 1 088 შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტია გარდაცვლილი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 597 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.