ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის ახალი შემთხვევები ძირითადად მოდის სიმპტომიან პაციენტებზე, რომლებიც აქტიურად მიმართავენ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სამიზნე ჯგუფის მიხედვით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები ძირითადად მოდის სიმპტომიან პაციენტებზე, რომლებიც აქტიურად მიმართავენ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს, ცხელების ცენტრებს, კოვიდკლინიკებს და ასევე ონლაინკლინიკებს.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, კორონავირუსის დღეს დაფიქისრებული 680 შემთხვევიდან, 362 არის სიმპტომიანი პაციენტი.
„ჩვენი მოწოდება მუდამ არის, რომ ვისაც უკვე აქვს პირველი სიმპტომები, ტემპერატურის მომატება, სუნთქვის გაძნელება, ხველა, დაუყოვნებლივ უნდა დარეკონ 112-ზე და შესაბამისად, ოჯახის ექიმებმა მართონ მათი შემდგომი ნაბიჯები. ისინი გადაიგზავნებიან ტესტირებაზე, თუ დასტურდება, არის პროტოკოლი, რა კეთდება, თუ არ დასტურდება, არის სხვა პროტოკოლიც“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ახალი ინფიცირებულების ყველაზე დიდი ციფრი, 167 უკავშირდება ინიფიცირებულთან კონტაქტში მყოფ პირებს.
„ჩვენი მოწოდებაა, რომ ყველა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანი, არ უნდა ეძებდეს საშუალებას, ტესტი იმ დღესვე ჩაიტაროს. აუცილებელია, დარჩეს იზოლაციაში 12 დღის განმავლობაში, თუ ეწყება კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომი, მიმართოს 112-ს და გაიაროს დიაგნოსიტირების პროტოკოლი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.