ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 488 სიმპტომებიანი პაციენტია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი სიმპტომებიანი პაციენტია.
კერძოდ, გამყრელიძის თქმით, 919 პაციენტს შორის 488 სიმპტომების მქონე, ხოლო 236 მათთან კონტაქტში მყოფი პირია.
ამიტომ, ამირან გამყრელიძე სიმპტომიანი პაციენტების ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და მათი იზოლაციის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„პანდემიის მიმდინარეობის განმავლობაში ჩვენთან დღეს გვაქვს ახალი დადასტურებულების ყველაზე მაღალი ციფრი – 919. მნიშვნელოვანია, რომ 919-ში ყველაზე მეტი არიან სიმპტომებიანი პაციენტები. ამიტომ ამას მინდა ხაზი გავუსვა. ანუ, 919-დან 53 პროცენტი, 488 არის სიმპტომებიანი პაციენტი. ეპიდემიის განვითარების დღევანდელ ეტაპზე, მეორე ტალღის პირობებში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ სწორედ სიმპტომებიანი პაციენტები და მათთან ახლო კონტაქტში მყოფი – ოჯახური და სამსახურებრივი კონტაქტები. დღეს გვყავს 488 სიმპტომებიანი და 236 მათთან კონტაქტირებული ინფიცირებული. მთელი სტრატეგია დამყარებულია იმაზე, რომ ადამიანების ეს ორი ჯგუფი სწრაფად იზოლირდნენ, მოსახლეობაში განსაკუთრებით კონტაქტირებულებისადმი უნდა იყოს მეტი ინფორმაცია მიტანილი. როდესაც ოჯახში ვინმე ინფიცირდება, აუცილებელია, მისი პირდაპირი კონტაქტები სწრაფად გადავიდნენ იზოლაციაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
თუმცა, გამყრელიძის თქმით, ბოლო ანალიზით, საერთო შემთხვევების 85 პროცენტი ასიმპტომური და მსუბუქია, 1-2 პროცენტამდე კი – კრიტიკული.
„ნარჩუნდება ე.წ. წილობრივი შეფარდება. ჩვენი ბოლო ანალიზით, სექტემბრის ბოლოს რაც გავაანალიზეთ, 36 პროცენტი იყო დიაგნოსტირების ეტაპზე ასიმპტომური შემთხვევები. შეიძლება, სინჯის ეტაპზე იყოს ასიმპტომური და შემდეგ გამოვლინდეს. 85 პროცენტამდე არის ასიმპტომური და მსუბუქი შემთხვევები, შემდეგ არის საშუალო და მძიმე, 1-დან 2 პროცენტამდე კრიტიკული“, – განაცხადა გამყრელიძემ.