ამირან გამყრელიძე - ხალხი ბრაზდება, მაგრამ კიდევ ერთი წელი ან მეტი დაგვჭირდება პირბადის ტარება, რამდენადაც ნაწყენი არ უნდა დარჩეთ ჩემზე, ვალდებული ვარ, მოსახლეობას სიმართლე ვუთხრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდსიტუაციის შესაბამისად შეზღუდვები ეტაპობრივად მსუბუქდება.
თუმცა, მისივე თქმით, რისკები ყველა შემსუბუქების დროს არსებობს. გამყრელიძის განმარტებით, მოსახლეობამ არ უნდა შეიქმნას ილუზია, რომ კორონავირუსი დამარცხებულია. ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე და არსებული წესები დაიცვან.
„თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ ქვეყანა ჩაკეტილი ვერ იქნება, რომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას და ეპიდსიტუაციის კონტროლის მიხედვით, თანდათან იყოს შემსუბუქებები. გარკვეული შემსუბუქება იყო საახალწლოდ, შემდეგ ისევ გამკაცრდა. შემდეგ იანვარში ვაკვირდებოდით მდგომარეობას და პირველი თებერვლიდან გარკვეული შემსუბუქებები განხორციელდა. ეპიდსიტუაცია მიდის დამშვიდებისკენ და თანდათანობით შემსუბუქებები მიმდინარეობს.
რამდენიმე ინდიკატორი – 14 დღე ინციდენტობა, ერთი თვის განმავლობაში სიკვდილიანობა და დადებითობის მაჩვენებელი დღეს გვეუბნება, რომ შესაძლებელია, გარკვეული შემსუბუქებისკენ გადაიდგას ნაბიჯები. ამიტომ მთავრობის მიერ დღეს გამოცხადდა ახალი გადაწყვეტილებები. რისკები ყველა შემსუბუქების დროს არის, თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ და ისევ შევიქმნით ილუზიას, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ.
უნდა ვიყოთ ფრთხილად, ყველამ ვატაროთ პირბადე. ხალხი ბრაზდება, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ ჩვენ კიდევ ერთი წელი ან ცოტა მეტი პირბადის ტარება დაგვჭირდება. მესმის, გარკვეული უხერხულობა არის, მაგრამ ვიდრე მოსახლეობის 70 პროცენტი არ აიცრება, ვიდრე არ დამტკიცდება რომელიმე ძალიან ეფექტური წამალი, პირბადე, ხელების დაბანა, დისტანცია და სხვა აუცილებელი იქნება. რამდენადაც ნაწყენი არ უნდა დარჩეთ ჩემზე, ამას უნდა შევეგუოთ, მე მოვალე ვარ, მოსახლეობას სიმართლე ვუთხრა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით, 5-ჯერ არის შემცირებული დადებითობის მაჩვენებელი და მოსახლეობა არსებულ პროგრესს უნდა მოუფრთხილდეს.
„მეორე ტალღის პიკი ჩვენ გავიარეთ ნოემბერ-დეკემბერში, დღეს დადებითობის მაჩვენებელი არის 3,87 პროცენტის ფარგლებში, ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა 25-30 პროცენტი, ანუ 5-ჯერ არის შემცირებული, ამიტომ ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ იმ პროგრესს, რაც გვაქვს. თუ ჩვენ დავიცავთ ყველა წესს და 95 პროცენტამდე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, მაშინ აღარ გვექნება მესამე ტალღა. მობილობა გაიზრდება სერიოზულად, ძალიან მნიშვნელოვანია, არ იყოს გადავსებული ავტობუსები, სჯობს, გარკვეული პერიოდი დაველოდოთ მეორე ავტობუსს, ვიდრე ავიდეთ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება 21:00 საათის შემდეგ გადაადგილებაზე არსებულ შეზღუდვას, გამყრელიძის განმარტებით, ამ შეზღუდვის მოხსნა ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.
„თუ ეპიდსიტუაცია ჩამოვიყვანეთ ისე, როგორც ზაფხულში გვქონდა – 15, 20, 100 შემთხვევა დღეში, მაშინ ამაზეც ვისაუბრებთ“, – დასძინა ამირან გამყრელიძემ.
მთავრობის ადმინისტრაციამ 8 და 15 თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.
მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ბოლო შვიდი დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებელი შემცირდა ოთხ პროცენტამდე, შესაბამისად შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე იწყება.