ამირან გამყრელიძე - ქვემო ქართლში ჯანდაცვის სამინისტროს ვერტიკალი უნდა გაძლიერდეს, მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვა ვერ ვეყოფით ამ პროცესებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბოლნისის სოფელ მუშევანში კორონავირუსით ინფიცირებული პირები განმეორებით კვლევას ითხოვდნენ, რაც დაუშვებელია. ამის შესახებ მან მარნეულის მერიაში დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებისა და რეგიონის ხელმძღვანელი პირების შეხვედრაზე განაცხადა.
ამირან გამყრელიძემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ რეგიონში ჯანდაცვის მიმართულებით ვერტიკალი უნდა გაძლიერდეს.
„ეჭვი მაქვს, მუშევანში ცოტა პოლიტიკურ პროცესებს აქვს ადგილი. ითხოვენ განმეორებით კვლევებს და ეს დაუშვებელია. განმეორებითი კვლევები მათ ჩაუტარდებათ ოთხი დღის შემდეგ, რვა დღის შემდეგ მკურნალობის პროცესში. ახლა ჩვენ რომ დავყვეთ მათ მოთხოვნებს და განმეორებით კვლევებზე წავიდეთ, მთელი ეს ხალხი, 140 კაცი განმეორებით კვლევას მოითხოვს. პროტოკოლით, განმეორებითი კვლევა არის სამი დღის შემდეგ, ოთხი დღის შემდეგ და ასევე, გამოჯანმრთელების შემდეგ.
ამ საკითხზე ხვალ ალბათ მინისტრთან მექნება საუბარი. ჯანდაცვის ვერტიკალი უნდა გაძლიერდეს რეგიონში, ანუ სამინისტროს ვერტიკალი. მარტო საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ჩვენ ვერ ვეყოფით ამ პროცესებს. თითოეულ მერთან უნდა იყოს მარჯვენა ხელი კიდევ ადამიანი, ვინც მთელ სამედიცინო პროცესებს მართავს. მარტო საზოგადოებრივი ჯანდაცვა ამას ვერ აუვა და ვერ მოაგვარებს. მხარდაჭერა უნდათ მათ“, – განაცხადა ამირან გემყრელიძემ.
ბოლნისის სოფელ მუშევანში გუშინ ინციდენტი მოხდა. კორონავირუსით ინფიცირებული ათი ადამიანი კლინიკაში გადასვლაზე უარს აცხადებდა, თუმცა დღეს, მოლაპარაკების შედეგად, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.