ამირან გამყრელიძე - ისმის კრიტიკა, ათ საათზე კორონა იძინებს და ხუთზე იღვიძებსო? ეს არასერიოზულია, ბევრი მტკიცებულებაა, რომ ღამის მობილობის სერიოზული დაგდება ახალინფიცირებულთა შემცირების კუთხით შედეგს იძლევა
ამირან გამყრელიძე - ისმის კრიტიკა, ათ საათზე კორონა იძინებს და ხუთზე იღვიძებსო? ეს არასერიოზულია, ბევრი მტკიცებულებაა, რომ ღამის მობილობის სერიოზული დაგდება ახალინფიცირებულთა შემცირების კუთხით შედეგს იძლევა

ქვეყანაში საწოლების რაოდენობა გადატვირთულია, მაგრამ თანდათან, უფრო მეტის მობილიზება ხდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ 5 000-ზე მეტი საწოლია მობილიზებული, თანდათან, უფრო მეტის მობილიზება ხდება. სამინისტროს გეგმაა, 7 000-დან 8 000-მდე საწოლის მობილიზება.  ამიტომ, დღეს მთავარია, გავუფრთხილდეთ საწოლფონდს, ინტენსიურ და რეანიმაციულ განყოფილებებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად ეფექტიანია გადაადგილებასთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ღამის მობილობის სერიოზული დაგდება ახალ ინფიცირებულთა შემცირების მიმართულებით სერიოზულ შედეგს იძლევა, რის შესახებაც სამეცნიერო ლიტერატურაში ბევრი მტკიცებულება არსებობს.

„ისმის კრიტიკა, ამაზეც საუბრობენ, რომ რა, ათ საათზე კორონა იძინებს და ხუთ საათზე იღვიძებსო? ეს არასერიოზულია. სამეცნიერო ლიტერატურაში ძალიან ბევრი მტკიცებულებაა, რომ ღამის მობილობის სერიოზული დაგდება ახალ ინფიცირებულთა შემცირების მიმართულებით სერიოზულ შედეგს იძლევა. ისევე, როგორც სხვა შეზღუდვები და რაც მთავარია, პრევენციული ღონისძიებები. ცალკე აღებული ერთი შეღუდვა არაფერს მოგვცემს, თუ ის კომპლექსში არ კეთდება, რამდენიმე ღონისძიებასთან ერთად“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, დიდი ინსტიტუციების რეკომენდაციებით, მხოლოდ პირბადის 95 პროცენტიანი გამოყენების შემთხვევაში ევროპაში თებერვლისთვის გარდაცვალებას დაახლოებით, 266 000 ადამიანი გადაურჩება.

„რამდენიმე დიდი ინსტიტუციის რეკომენდაციია, რომ თუ პირბადის ხმარებას ქვეყანაში 95 პრცენტზე ავიყვანთ და მთელი ევროპა ამას გააკეთებს, ევროპაში თებერვლისთვის სიკვდილს დაახლოებით, 266 000 ადამიანი გადაურჩება. ანუ, ამდენი ადამიანი არ დაიღუპება მხოლოდ პირბადის 95-პროცენტიანი ტარების შემთხვევაში. ამიტომ იქნა საქართველოშიც შემოღებული პირბადის გარე სივრცეებში ტარება, რასაც ზოგჯერ აშარჟებენ, მაღალმთიან სოფელში, სადაც ერთი, ან ორი ადამიანი ცხოვრობს, იმან რატომ უნდა ატაროსო და ა.შ. რა თქმა უნდა, ამაზე არ არის საუბარი. საუბარია დიდ მეტროპოლიებზე, სადაც მობილობა ძირითადია და სწორედ იქ არის საჭირო მობილობის დაგდება, რომ გავრცელებას ხელი არ შევუწყოთ და ინფიცირების მეტი რისკები არ შევქმნათ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, კარგი იქნება, თუ სამედიცინო პერსონალის დეფიციტის პირობებში, უცხოეთში მყოფი ქართველი ექიმები საქართველოში მუშაობაში ჩაებმებიან.

„ჩვენ ძალიან ბევრ რჩევას ვიღებთ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისგან. ზოგი იტალიაში მუშაობს, ზოგი გერმანიაში, აშშ-ში და ასე შემდეგ. მათ სერიოზული გამოცდილება მიიღეს. თუ დრო ექნებათ, კარგია, რჩევების გარდა, ზოგი მათგანი აქ მუშაობაში ჩაებას. იმიტომ, რომ შეიძლება, სამედიცინო პერსონალის დეფიციტი კიდევ უფრო გაღრმავდეს. მოგეხსენებათ, ექიმის მომზადება ასე მარტივი არ არის და ამას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ სამედიცინო პერსონალს ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე გაწეული უდიდესი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასება – ამირან გამყრელიძე „თავისუფალ ხედვაში“