ამირან გამყრელიძე - ისევ ბევრი მანქანა, ისევ დიდი მოძრაობაა თბილისში, ეს დაუშვებელია, ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ
ისევ ბევრი მანქანა, ისევ დიდი მოძრაობაა თბილისში, ეს დაუშვებელია, ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინკონფერენციისას განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, მომავალი ორი-სამი კვირა ძალიან მძიმე იქნება.
„ერთი წუთი მოდუნებისა და დამშვიდების უფლება არ გვაქვს. ვატყობ, რომ გუშინ, გუშინწინ დავინახე ისევ ბევრი მანქანა, ისევ დიდი მოძრაობაა თბილისში, ადამიანები ისევ იკრიბებიან. ეს დაუშვებელია, ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ. მომავალი ორი-სამი კვირა იქნება ძალიან მძიმე, პირდაპირ გეტყვით. რადგან, 300-ს რომ გადავცილდებით, მოსალოდნელია სწრაფი ზრდა იყოს კიდევ უფრო მეტად. ამის ნიშანი გუშინ გვქონდა.
ძალიან ბევრ ინსტიტუტს და საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს ძალიან ბევრი მოდელირების მეთოდები. არც ერთ ქვეყანაში ერთი ერთზე არ ემთხვევა, ჩვენ ბევრი გავაანალიზეთ და მათ შორის ერთ-ერთზე შევჩერდით, რომლის მიხედვითაც, თუ ჩვენ დღეს მოვადუნეთ სოციალური დისტანცირება და არ დავიცავით საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული რეგულაციები, იცოდეთ, რომ აპრილის ბოლოს, მაისის პირველ დეკადაში რამოდენიმე ათასეული შემთხვევა გვექნება ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.