ამირან გამყრელიძე - ირანში კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარების გართულების პარალელურად, საკოორდინაციო საბჭო შესაბამის ღონისძიებებზე მსჯელობს
ირანში, რომელთანაც საქართველოს ინტენსიური ბიზნეს და ტურისტული ურთიერთობები აქვს, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ეპიდსიტუაცია რთულდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აქედან გამომდინარე, საქართველოში მისაღებ შესაბამის ზომებზე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განკარგულებით შექმნილი საბჭო მსჯელობს.
„სამწუხაროდ, ირანში რთულდება ეპიდსიტუაცია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დღევანდელი მონაცემებით, ქალაქ ყუმში ორი გარდაცვალება და ინფიცირების რამდენიმე ათეული შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია სხვა წყაროებიდან, გარდაცვლილთა რიცხვი არის დაახლოებით ხუთი, ინფიცირებულთა რაოდენობა რამდენიმე ასეული. აქედან გამომდინარე, ხაზს ვუსვამ, უარესდება ეპიდსიტუაცია ირანში, რომელიც გახლავთ ჩვენი მეზობელი ქვეყანა, მასთან გვაქვს ინტენსიური ტურისტული თუ ბიზნეს ურთიერთობები. ამიტომ საკოორდინაციო საბჭო, რომელიც არის შექმნილი პრემიერის განკარგულებით კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით, გუშინ და დღეს მსჯელობს შესაბამის ღონისძიებებზე. მე ვარ საბჭოს წევრი, ჩემი რეკომენდაცია მივეცი, მაგრამ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, საბჭო არის საკოორდინაციო ორგანო, რომლსაც ხელმძღვანელობს ჯანდაცვის მინისტრი და მასში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები შედიან.
„ირანში ეპიდსიტუაციის გაუარესება კორონავირუსთან დაკავშირებით არის სერიოზული პრობლემა მისი მეზობელი ქვეყნებისთვის. ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, ქუვეითმა და ერაყმა და შესაბამისად, საქართველოშიც იქნება გადაწყვეტილებები მიღებული, როგორი, ამაზე შემდგომში დეტალურად მოგეწოდებათ ინფორმაცია“, – განუცხადა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესდნენ, ხომ არ იგეგმება ირანთან ფრენების შეწყვეტა.
ამასთან, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ ირანის სამი მოქალაქე შეიყვანეს, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან, დედა და ორი შვილი. ოჯახი ქალაქ ყუმიდან იყო. მოზარდებს ტემპერატურა აღენიშნებოდათ. დღეს ცნობილი გახდა, რომ მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ.