ამირან გამყრელიძე - ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში სამი პაციენტია მოთავსებული, არც ერთი მათგანი კორონავირუსის შესაძლო შემთხვევად არ განიხილება
საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის სამი ადამიანია მოთავსებული, რომლებიც ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები არიან. როგორც გამყრელიძე განმარტავს, პაციენტები დაკვირვების ქვეშ არიან და არც ერთი მათგანი კორონავირუსის შესაძლო შემთხვევად არ განიხილება.
„საქართველოში არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვევა კორონავირუსული ინფექციის. არის სამი ადამიანი დაკვირვების ქვეშ ინფექციურ საავადმყოფოში, სამივე გახლავთ საქართველოს მოქალაქე და სამივე გახლავთ ჩინეთიდან ჩამოსული. დღეს ახალგაზრდა ქალს საზღვარზე დაუფიქსირდა 38 გრადუსზე მეტი ტემპერატურა და ამის გამო იქნა ტრანსპორტირებული. ის გამოსული არის ჩინეთიდან 20 იანვარს, შემდეგ ორი კვირის განმავლობაში იყო შვეიცარიაში, ჟენევაში. იმ პერიოდში, როდესაც ის ჩინეთში იმყოფებოდა, აღნიშნულ პროვინციაში კორონავირუსი არ ფიქსირდებოდა. ამიტომ, დღეს მას ჩაუტარდა ყველა ტიპის გამოკვლევა, რაც საავადმყოფოში ტარდება, მისი კლინიკური მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, არ აქვს მას სიმპტომები, რომლითაც შეიძლება ეჭვი იქნას მიტანილი ამ ინფექციაზე. ის და დანარჩენი ორი არ ეტევა იმ განსაზღვრებებში, რომლებიც შეიძლება იყოს სავარაუდო შემთხვევა. სიტუაცია ამ თვალსაზრისით მშვიდია.
ერთ-ერთი ვინც დაკვირვების ქვეშ არის, ცხოვრობდა ქალაქ უხანში, რომელიც არის ამ ეპიდაფეთქების ცენტრი, ამიტომაც, თქვენ იცით, რომ წინა შემოსული ორი ადამიანი გამოკვლეული იყვნენ 22 ტიპის სხვადასხვა ვირუსზე და ყველაფერზე აღმოჩნდა უარყოფითი, მათი კლინიკური მდგომარეობა სრულად დამაკმაყოფილებელია, მაგრამ პარასკევს მაინც იქნა გაგზავნილი ევროპის ერთ-ერთ რეფერალურ ცენტრში მათი „დნმ“ და სამშაბათს დღის ბოლოსთვის ველოდებით საბოლოო პასუხს. ხაზს ვუსვამ, რომ ეს მხოლოდ დამშვიდების მიზნით, დიდი ალბათობით, ყველა მონაცემი, რაც მათ აქვთ, არ მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლებელია იყოს კორონავირუსული ინფექცია, თუმცა მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლიტური არაფერი არ გახლავთ“,- განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, საქართველო რჩება ე.წ. მწვანე, ანუ დაბალი რისკის ზონაში. გამყრელიძე მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ ვრჩებით ე.წ მწვანე ზონაში, არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებული არ არის, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ვიყოთ მშვიდად, დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ჩვენ ვიძლევით. მოგეხსენებათ, გახლავთ გრიპის სეზონი, ამიტომ ამ ტიპის სიმპტომები, რომელიც კორონავირუსს ახასიათებს, აქვს ნებისმიერ რესპირატორულ ინფექციას, ამიტომ ვიყოთ განსაკუთრებული სიფრთხილით. თუ ადამიანს აქვს ჩინეთში მოგზაურობის ისტორია ბოლო ორი კვირის განმავლობაში და მას შემდგომ განუვითარდება მაღალი ტემპერატურა, ხველა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი და რაც მთავარია, სუნთქვის უკმარისობა, აუცილებლად მივმართოთ ექიმს ან მივიდეთ თბილისის ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში, ქუთაისის ინფექციურში, ბათუმის ან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც მას ჩაუტარდებათ კვლევა და შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ამიტომ, ვიყოთ მშვიდად. ჩვენთან მიიღება ყველა ზომა, რათა წინ აღვუდგეთ ინფექციის შემოტანას ქვეყანაში და თუ ასეთი დაფიქსირდა, იყოს სწრაფი გადაუდებელი დახმარება“,- განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 14 350-მდე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა.
„დღევანდელი დილის ინფორმაციით, რომელსაც გვაძლევს ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ახალი კორონავირუსის 14 350-მდე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა ჩინეთსა და ჩინეთს გარეთ.
ჩინეთის გარეთ არის დაახლოებით 137 შემთხვევა. სამწუხაროდ, დღეს დაფიქსირდა პირველი შემთხვევა ჩინეთს გარეთ გარდაცვალების ფილიპინებზე. ახალი შემთხვევების რაოდენობა ჩინეთში დაახლოებით 2500-ით გაიზარდა, 304 არის გარდაცვალების შემთხვევა. დაახლოებით 20000 ადამიანია დაკვირვების ქვეშ ჩინეთში“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.