ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სოფელ დიღომში კორონავირუსის შემთხვევები დაბადების დღეს უკავშირდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში, სოფელ დიღომში კორონავირუსით ინფიცირებულთა ე.წ. კლასტერი გაჩნდა.
მისივე თქმით, ინფიცირების შემთხვევები დაბადების დღეს უკავშირდება. თუმცა, გამყრელიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ვითარება სტაბილიზირებულია.
„გვაქვს თბილისში კლასტერი სოფელ დიღომში. დაბადების დღესთან იყო დაკავშირებული, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, იყვნენ კლასელები, ოღონდ არა ახალგაზრდები. იყო ინფიცირება. მათი ყველა კონტაქტი გამოკვლეულია. ამ ეტაზპე სტაბილიზირებულია მდგომარეობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ კონტოლირებადია და მართვას ექვემდებარება.
„არავითარ შემთხვევაში, სიტუაცია მართვადია, არსად არ გაქცეულა. ეგრე ადვილად სიტუაცია არ გვექცევა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
ამასთან, გამყრელიძის განმარტებით, საქართველოს მასშტაბით ბოლო ორკვირიანი მონაცემებით ინციდენტობის მაჩვენებელი 4.2-ია და ქვეყანა კვლავ მწვანე ზონაში რჩება.
„ხუთია ზღურბლი, 5-მდე გვაქვს მწვანე, 5-10 მდე ყვითელი, 10-დან 20-მდე ნარინჯისფერი და 20-დან ზემოთ წითელი. საქართველო ჯერჯერობით ისევ განისაზღვრება როგორც უსაფრთხო, ამ მაჩვენებლით. ჩვენთან ინფექცია ძირითადად კონცენტრირებულია ჭარის რეგიონში“, – განაცხადა გამყრელიძემ.