ამირან გამყრელიძე - გვაპატიეთ, რომ ხშირად ვიმეორებთ, მაგრამ უნდა დავიცვათ წესები, რადგან კორონამ სამყარო შეარყია
დათბა დღეს და ყველას გვინდა გარეთ გასვლა, სიარული, ისევ ჯგუფურად შეკრება, მაგრამ ყველას კიდევ ერთხელ გთხოვთ, გავიჭირვოთ და თავი შევიკავოთ, რადგან სოციალური დისტანცირება გახლავთ ყველაზე მძლავრი იარაღი ამ დაავადებასთან ბრძოლისთვის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ფეისბუქკონფერენციისას განაცხადა.
ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ უკეთესი საშუალება ჯერ მოგონილი არ არის.
„ამიტომ, ჩვენ ვერ მოვიგონებთ ახალს. გვაპატიეთ, რომ ამას ხშირად ვიმეორებთ, მაგრამ უნდა დავიცვათ ეს წესები. კარგ ამინდში არავინ ხელს არ უშლის არავის, რომ გამობრძანდნენ გარეთ და იარონ, მაგრამ ნუ ვივლით 5-5 და 10-10 ერთად, ვიაროთ და დავიცვათ ეს დისტანცია. თუ ვართ სადმე პარკში, გვქონდეს დისტანცია და შესაბამისი ღონისძიებები დაცული. თუ შევდივართ დახურულ შენობაში ან იგივე გარეთ ვართ შეჯგუფებული 3-4 ადამიანი, გვეკეთოს ნიღაბი. დაგვჭირდება, დაგვჭირდება კარგა ხანს ნიღბის ხმარება, დაგვჭირდება დიდ კონგრესებზე და დიდ კონფერენციებზე უარის თქმა.
ძალიან მიყვარს ფეხბურთი და კალათბურთი, ხშირად დავდიოდი, ახლა ვეღარ დავდივარ ხშირად. სამწუხაროდ, დაგვჭირდება თავის არიდება დიდი თავშეყრის ადგილებზე სიარულის, დაგვჭირდება, სამწუხაროდ, დიდი ქორწილების გადადება, დაგვჭირდება, ღმერთმა ყველას აშოროს, მაგრამ რაც ქართველებს გვაქვს ტრადიცია, დიდი ჭირის სუფრის ვერ გადახდა – მიმძიმს ამ თემებზე საუბარი, მაგრამ საჭიროა ეს, რადგან დამიჯერეთ, რომ კორონამ სამყარო შეარყია. როგორც მეტეორიტმა, ტუნგუსკის აფეთქება ალბათ გაგიგიათ, რომელმაც შეარყია გარკვეულად სამყარო, დედამიწა, მეტეორივით არის ახლა ეს კორონა სამყაროსთვის. უზარმაზარი ძვრა გაკეთდა. მედიცინაში კი არა, მთლიანად, სახელმწიფოების ურთიერთობაში, ადამიანთა ურთიერთობაში, სოციალურ ყოფაში, განათლებაში, კულტურაში, იდეოლოგიებში, ყველაფერში“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ამიტომ არის დიდი განსჯის საგანი, როგორი იქნება კორონას შემდგომი სამყარო.
„ჩვენც, ქართველებმა ეს უნდა გავითავისოთ, რომ კორონავირუსთან ცხოვრება მოგვიწევს და უნდა ვისწავლოთ. ვაქცინა თუ იქნება და გაკეთდება სწრაფად, შედარებით სწრაფად, ვერ გეტყვით, რომ სრულად დაიძლევა, მაგრამ დარეგულირდება პრობლემა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.