ამირან გამყრელიძე - გთხოვთ, ტელევიზიებმა მორბენალი სტრიქონით გაავრცელეთ, რომ პანდემია ჯერ არ დამარცხებულა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ტელევიზიებს მოუწოდებს, ე.წ. მორბენალი სტრიქონით გაავრცელონ ინფორმაცია, რომ პანდემია ჯერ არ დამარცხებულა.
გამყრელიძის თქმით, მნიშვნელოვანია, მოქალაქეები არ გათამამდნენ და რეკომენდაციების დაცვა გააგრძელონ.
„ძალიან გთხოვთ კიდევ ერთხელ, თითოეულმა ტელევიზიამ გაავრცელეთ მორბენალი სტრიქონით, რომ არ დამარცხებულა ჯერ პანდემია. პანდემიას მარტო საქართველო ვერ დაამარცხებს. პანდემია მთელმა მსოფლიომ ერთად უნდა დაამარცხოს და ამისთვის ერთადერთი იარაღი გვაქვს სოციალური დისტანცირება, პირბადე, ხელების ხშირი დაბანა და დამუშავება. მეტი ჯერ წამალი არ არის, ვაქცინა არ არის. გთხოვთ, ნუ მივეცემით თვითკმაყოფილებას, რომ საქართველომ თითქოს გაიმარჯვა კორონავირუსზე და შეგვიძლია, ყველაფერი გავაკეთოთ – არა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.