გრიპის ვირუსით გარდაცვალების 17 შემთხვევა ლაბორატორიულად არის დადასტურებული
გრიპის ვირუსით გარდაცვალების 17 შემთხვევა ლაბორატორიულად არის დადასტურებული

გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 17-ს შეადგენს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტროში პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების და სააფთიაქო ქსელების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, გრიპის ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა შემცირებულია, 100 000 მოსახლეზე გრიპით ავადობის მაჩვენებელი ბოლო მონაცემებით, 253-ს შეადგენს.

„ერთ კვირაზე მეტია, ხუთი ჯანდაცვის დაწესებულება აქტიურად მუშაობს, 24-საათიან რეჟიმში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში​ გახანგრძლივებულია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მუშაობა. ამ პერიოდში, ძირითადად აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონი დაზარალდა. მნიშვნელოვანია, გრიპის გართულების პრევენცია ადრეულ ეტაპზე შევძლოთ, ამიტომ დღეს ვირუსული დაავადებების სამკურნალო პრეპარატების საკმარისი მარაგი ქვეყანაში არსებობს, რომელიც მოსახლეობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქსელით, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მეშვეობით მიეწოდება. ჩვენ პიკი გვქონდა დეკემბრის ბოლო კვირას და მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იყო 41%. ავადობის მაჩვენებელი იანვრის მეორე კვირას შემცირდა. ასევე, 31%-ზე ჩამოვიდა მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. საგრძნობლად შემცირდა ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და 46%-დან 26%-მდე ჩამოვიდა. ამავე დროს შემცირდა სასწრაფოს გამოძახებისა და სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის მაჩვენებელი“, – განაცხადა გამყრელიძემ.