ამირან გამყრელიძე - გარწმუნებთ, კორონავირუსის შემთხვევათა მატება არის მართვადი და არ არის ის რიცხვი, რომელსაც ჩვენ ვერ მოვერევით
ამირან გამყრელიძე - გარწმუნებთ, კორონავირუსის შემთხვევათა მატება არის მართვადი და არ არის ის რიცხვი, რომელსაც ჩვენ ვერ მოვერევით

გარწმუნებთ, კორონავირუსის შემთხვევათა მატება არის მართვადი და არ არის ის რიცხვი, რომელსაც ჩვენ ვერ მოვერევით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, წინა დღეებში გამოვლინდა კორონავირუსის ახალი სამი, შემდეგ რვა და დღეს კი, 11 შემთხვევა, რაც არ არის დიდი რიცხვი.

„ეს არ არის ის რიცხვი, რომელსაც ჩვენ ვერ მოვერევით და ვერ ვმართავთ, ამიტომ აქ არ არის ერთი მხრივ საშიშროება და მეორე მხრივ, გვმართებს მეტი სიფრთხილე, რამეთუ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მოსალოდნელიც იყო და არის, რომ შემთხვევათა რაოდენობამ იმატოს. მაგრამ ეს მატება ყოველთვის არის მართვადი და იქნება მართვადი, გარწმუნებთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გუშინ ბოლნისში მნიშვნელოვანი კვლევა ჩატარდა.

„გუშინ ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება – ყველაზე ცხელი წერტილი იცით, რომ გვაქვს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუშევანში, სადაც ყველაზე მეტი შემთხვევა, 55 იყო მანამდე დაფიქსირებული პოზიტიური. ეს არის მოზრდილი სოფელი, სადღაც 700-მდე მცხოვრებით. აქედან, 55 ადამიანი ჩვენ გადაყვანილი გვყავდა სამკურნალოდ, დაახლოებით 60-მდე ადამიანი იყო გადაყვანილი კარანტინში. გუშინ მოეწყო ასეთი მასობრივი ტესტირების აქცია სოფელ მუშევანში, რომელიც ძალიან კარგად დააორგანიზა ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ბოლნისის მუნიციპალიტეტმა. ჩვენგან იყო რვა ბრიგადა ეპიდემიოლოგების, ასევე ერთი ბრიგადა იყო ადგილობრივი და მეც გახლდით იქ. ადგილზე ვნახეთ ყველაფერი. ხალხი იყო ძალიან ორგანიზებული, სოფლის ცხრა წერტილში ხდებოდა ბიოლოგიური ნიმუშების აღება და გუშინ შევძელით 574 პირის ბიოლოგიური ნიმუშის აღება.

მათ შორის, ნახევარზე მეტი უკვე ღამით იყო გამოკვლეული, ორი არის დადასტურებული შემთხვევა და დანარჩენების კვლევა დღეს კიდევ მიმდინარეობს და მოგვიანებით მოგახსენებთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.