ამირან გამყრელიძე - ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში იყო ყველაზე დიდი თავშეყრა, შეიძლება ითქვას, რომ გამოცდა კარგად ჩავაბარეთ
ჩვენც გარკვეულად გამოცდილებას ვიღებდით, როგორ ჩატარებულიყო ერთიანი ეროვნული გამოცდები პანდემიის პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ერთიანი ეროვნული გამოცდების შეჯამებისას განაცხადა.
როგორც გამყრელიძე აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ მასშტაბური თავშეყრის პირობებში, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არ გაუარესებულა.
„ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში იყო ყველაზე დიდი თავშეყრა. დაახლოებით, 50 ათასამდე აბიტურიენტმა, მაგისტრანტმა და კიდევ სხვა კატეგორიის აბიტურიენტებმა ჩააბარეს გამოცდები. შეიძლება ითქვას, რომ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, განათლების სამინისტრომ და ჯანდაცვის სექტორმა ეს გამოცდა კარგად ჩავაბარეთ. ამ გამოცდებზე გვქონდა ორი აბიტურიენტის ინფიცირების შემთხვევა. ერთს ჰქონდა კონტაქტი იმ ათ ადამიანთან, ვისთან ერთადაც აბარებდა გამოცდას, თუმცა დროულად მოვახერხეთ კონტაქტების იზოლირება, მათი კარანტინში გადაყვანა. თვითონ აბიტურიენტს ყველანაირად შევუწყვეთ ხელი, არ დაეკარგა წელიწადი და მოგეხსენებათ, გამოცდა ჩატარდა საავადმყოფოს პირობებში. ასევე, იყო ინფიცირების მეორე შემთხვევა, რომელსაც კონტაქტები არ ჰქონია და იქაც გამოცდა წარმატებით ჩატარდა საავადმყოფოს სივრცეში.
ასევე, კარანტინში მყოფები გაგვყავდა გამოცდებზე წინასწარი ტესტირების საფუძველზე და გამოცდის წინ თითოეულ მათგანს უტარდებოდა ტესტირება. ამასთან, ტესტირება უტარდებოდა, თუ ვინმეს სიცხე დაუდასტურდებოდა. რომ შევაჯამოთ, ჩვენც გარკვეულად გამოცდილებას ვიღებდით, როგორ ჩატარებულიყო ერთიანი ეროვნული გამოცდები პანდემიის პირობებში. არ გვქონია ინფექციის გავრცელება და ეპიდსიტუაცია ქვეყანაში არ გაუარესებულა“, – განაცხადა გამყრელიძემ.