ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილ მეცამეტე პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სოფელ მუშევანის მცხოვრებ 76 წლის მამაკაცს, რომელიც დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა, მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.
„სამწუხაროდ, დღეს გვაქვს გარდაცვალების მეცამეტე შემთხვევა. გარდაიცვალა 76 წლის მამაკაცი. ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სწორედ იმ სოფლიდან არის, სადაც ყველაზე მეტი დაზიანება გვაქვს.
სამწუხაროდ, ეს იყო მძიმე ავადმყოფი, მძიმე თანმხლები დაავადებებით და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ხელოვნურ ვენტილაციაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.
მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მას კორონავირუსი 9 მაისს დაუდასტურდა.