ამირან გამყრელიძე - გარდაცვლილ პაციენტთან საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებები იყო
დღეს, დილით ადრე დადასტურდა პირველი სამწუხარო შემთხვევა გარდაცვალების, კორონავირუსულ ინფექციასთან ასოცირებული დაავადებით. ეს გახლავთ ქალბატონი 79 წლის, რომელიც კლინიკაში შევიდა 31 მარტს და გარდაცვალება დაფიქსირდა დღეს დილით. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ძირითადი დიაგნოზი არის ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება, მწვავე პნევმონია, პაციენტს ქონდა საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებებიც.
„გართულებები გახლდათ მოზრდილთა რესპირაციული დისტრესსინდრომი, სეფსისი, სეპტიური შოკი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა და გულის მწვავე უკმარისობა. ხაზს ვუსვამ თანმხლებ დაავადებებს, რადგან მთელ მსოფლიოში სიკვდილიანობის ძირითადი პროცენტი მოდის ხანდაზმულ ასაკზე და როგორც წესი, კორონავირუსის ინფექციასთან ერთად გახლავთ გარკვეული თანმხლები დაავადებები. ხაზს ვუსვამ, რომ ამ პაციენტთან იყო საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებები. კერძოდ, დილატაციური კარდიომიოპათია, გულის უკმარისობა მეოთხე ხარისხის, არტერიული ჰიპერტენზია მესამე, ზომიერი პულმონური ჰიპერტენზია, მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება, აორტის სარქვლის ნაკლოვანება, სამკარიანი სარქვლის არარევმატიული ნაკლოვანება და კახექსია“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, აღნიშნული პაციენტი მიეკუთვნება ბოლნისის კლასტერს.
„ეს პაციენტი მიეკუთვნება კლასტერს, რომელიც ჩვენს შიდა კლასიფიკაციაში მოხსენიებულია ქვემო ბოლნისის, სოფელ კაპანახშის კლასტერის სახელით, სადაც გვაქვს ხუთი დადასტურებული შემთხვევა. ეს ქალბატონი არის კონტაქტირებული ადამიანებთან, რომლებიც შემოვიდნენ რუსეთ-აზერბაიჯანიდან საქართველოში და ამ სოფელში ერთ-ერთ სარიტუალო სუფრაზე იყვნენ. ასევე შემდეგ რელიგიური დღესასწაული მიმდინარეობდა ამ პერიოდში და აქედან ერთ-ერთმა გადასდო სწორედ ამ ქალბატონს, რომელიც არის ნათესავი პირველი ინფიცირებულის. ამ შემთვევაში ინფექციის განვითარების ჯაჭვი სრულად ცნობილია. ამ კლასტერში გვყავს ხუთი დაინფიცირებული ადამიანი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, საქართველოში დღევანდელი რიცხვით არის ახალი კორონავირუსის 157 დადასტურებული შემთხვევა. ესენია 2 762 შესაძლო შემთხვევიდან, რომელიც საჭიროებდა ღრმა ეპიდკვლევას, კლინიკურ და ლაბორატორიულ კვლევებს.
„როგორც მოგახსენეთ, 157 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გუშინდელ დღეს და დღევანდელ დილამდე ცხრა შემთხვევით არის ზრდა. თუ გუშინწინ გვქონდა 18, იმის წინ 15, გუშინ შედარებით ნაკლები, ცხრა შემთხვევით ზრდა იყო. ამავე დროს კარგია, რომ უკვე გვყავს 28 გამოჯანმრთელებული ადამიანი, ვინც არის თვითიზოლაციაში და გაწერილია საავადმყოფოდან“, – განაცხადა გამყრელიძემ.